არჩილ კბილაშვილი -

არჩილ კბილაშვილი - "მოქალაქე იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს მოცემულობა თანაბარ შესაძლებლობას გვიქმნის, რომ მიზანი განხორციელდეს"

"სამოქალაქო რეესტრი ვალდებულია მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში განმცხადებელს განუმარტოს კანონის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის აუცილებლობის შესახებ. ასევე მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ. ასევე არსებობს კიდევ უფრო დიდი დოკუმენტი - კანონი მოქალაქეობის შესახებ. ორგანული კანონი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე: პირდაპირ ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებით შეუძლია მიმართოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე პირმა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით არჩილ კბილაშვილი: ივანიშვილს საქართველოდან ვერ გააძევებენ!

"სააგენტომ გვითხრა, რომ ჩვენ რელსებს ავცდით, რომ თითქოს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადება კი არ უნდა გაგეკეთებინათ, არამედ სხვა, მეორე წესი არსებობს, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება მოქალაქეობა - ამ გზით უნდა წასულიყავითო. სააგენტოს პასუხი ეწინააღმდეგება მოქალაქეობის შესახებ კანონის იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტი იხილავს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა განცხადებას, ამას ეწინააღმდეგება 33-ე მუხლის ა-პუნქტი. ეწინააღმდეგება თავად პრეზიდენტის ბრძანებულების იმ ნორმებს, როდესაც საგენტო ვალდებულია პირს განუმარტოს. სააგენტოს დასკვნა ასეთია: საქართველოს კანონმდებლობა ორ პროცედურას ითვალისწინებს: პირველი, ნატურალიზაციას იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის მცდარი, არასწორი განცხადება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კბილაშვილი.

"სააგენტოს დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია პრეზიდენტისადმი. მას უფლება აქვს ან გაიზიაროს, ან არ გაიზიაროს. სააგენტომ თავისი დასკვნა ზუსტად იმ დროს გამოაცხადა, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაყოფი. რასაკვირველია, მისი შინაარსი არ წარმოადგენს წმინდა იურიდიულ დოკუმენტს, რომ იურისტები დასხდნენ და ასე მივიდნენ ამ დასკვნამდე - ამაში ძალიან მეპარება ეჭვი. სამართლებრივი გზა არის სასამართლოში გასაჩივრების - სამი ინსტანციის სასამართლო 15-თვიანი გასაჩივრების ვადით - თითოეული 5-5-თვიანი ვადით, რაც სავარაუდოდ, მოესწრება მხოლოდ მომავალი არჩევნებისთვის. გამოყენებული იქნება თუ არა გასაჩივრების გზა, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ - ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირადად ჩემი აზრით გასაჩივრებას აზრი არ აქვს. რადგან დროში ვერ ჩაეტევა ეს პროცესი. თუმცა, შეიძლება საწინააღმდეგო აზრი იყოს - მაგალითად, გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს ნებისმიერ დროს შეუძლია თანხმობა თქვას", - განაგრძობს ადვოკატი,

"გასაჩივრება მოხდება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება. მოქალაქეობა არ აქვს ივანიშვილს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ეს არ უშლის ხელს, გახსნას ოფისები, საუბარი იყოს პარტიის დაარსებაზე, კოალიციის შექმნაზე. ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რაც უნდა ამტკიცონ, თითქოს ივანიშვილი არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნას, საქართველოში ვერავის დაარწმუნებ, რომ ეს მართლა კანონიდან გამომდინარეობს და არა იქიდან, რომ ხელისუფლებას მოწინააღმდეგის ეშინია. ამ შემთხვევაში არ არის ცუდი მოცემულობა, როდესაც საარჩევნო ასპარეზზე რჩება ხელისუფლება, რომელსაც ეშინია კოალიცია "ქართული ოცნებისა", რომლის საარჩევნო სიაში არ წერია სახელი და გვარი "ბიძინა ივანიშვილი", მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ივანიშვილის გუნდია - ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ", - მიიჩნევს არჩილ კბილაშვილი.

"მოქალაქე იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს მოცემულობა თანაბარ შესაძლებლობას გვიქმნის, რომ მიზანი განხორციელდეს. ბატონი ივანიშვილი აცხადებს, რომ მას სურს პრემიერ-მინისტრი გახდეს. მიზანს კი იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ უმრავლესობით მოვა პარლამენტში ის გუნდი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს და სიაში პირველი იქნება თუ არა, არ მგონია, იმდენად მნიშვნელოვანი იყოს ქართველი საზოგადოებისთვის. მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამართლებრივი ეტაპი ჩვენი მხრიდან შეიძლება დასრულდეს, მაგრამ პოლიტიკური, საზოგადოებრივი შეფასება ყოველთვის ექნება", - აცხადებს არჩილ კბილაშვილი და შეკითხვას - "თუ პოლიტიკური საქმიანობა აქტიური იქნა, საუბარია დეპორტაციაზე. ეს რამდენად შესაძლებელია?" - პასუხობს:

"ეს რთული იქნება, რადგან ჯერ უნდა გაიმიჯნოს, რა არის პოლიტიკური საქმიანობა და განსხვავდეს ის აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისგან. პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება აღიარებულია, რომ საარჩევნო უფლების ამა თუ იმ ფორმით რეალიზებას უკავშირდება. გარდა ამისა, მისი ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან და დაუშვებელია მისი საქართველოდან ექსტრადიციის განხორციელება, როდესაც ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან. ამიტომ არ მიგვაჩნია, რომ ამის საფრთხე შეიქმნება".