ვინ არიან ზონდერბრიგადების ხელმძღვანელები?

ვინ არიან ზონდერბრიგადების ხელმძღვანელები?

"მაღალი რანგის ჯალათები უკვე ცდილობენ, ნაკლებად ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში, გაიტანონ თავიანთი ქონება საზღვარგარეთ და თავი გადაირჩინონ. ბევრ უწყებაში არის განცდა იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი მალე დასრულდება და თუკი ისინი განაგრძობენ დანაშაულებრივ საქმიანობას, შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს", - ამბობს მოძრაობა "არას" ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე, რომელიც ინფორმაციას აგროვებს ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ზონდერბრიგადებზე...

- ჩვენმა მოძრაობამ ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად ინფორმაცია მოიპოვა 14 სისხლიან ჯალათზე. შევეცდები, მოკლედ მიმოვიხილო მათი მოღვაწეობა: ნიკოლოზ სარალიძე - სპორტსმენი, ძალოვან უწყებაში გამოჩნდა 2009 წელს. იგი არის ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტსმენებისგან ჩამოაყალიბა ე.წ. ზონდერბრიგადა, რომელიც მონაწილეობს მომიტინგეების დარბევებში როგორც ე.წ. რობოკოპები. სპორტსმენების მოგროვება-მობილიზებაში მას ეხმარებიან: შოთა აკულაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ბარათაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ზვიად ქობალია, ემზარ ტყეშელაშვილი. სარალიძემ ხელისუფლების სიმპათია დაიმსახურა და შეძლო დიდძალი ქონების დაგროვება, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ახალი ძალა გამოჩნდა, თავისი ბიზნესები სხვა ადამიანების სახელზე გადააფორმა. მას ეკუთვნის ვარკეთილში მდებარე ტრენაჟორების დარბაზი, შენობა "შატილი" - დიღომში, რომელიც გადაფორმებული აქვს ვინმე ნოდარ მინდიაშვილზე. აქვს ფართობი ვერაზე და ფლობს 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე სავარჯიშო დარბაზს მეგობრებთან ერთად.

- რა სტატუსით სარგებლობენ სარალიძე და მისი მეინახეები?
- ისინი 2009 წელს შსს-სთვის დამხმარე ძალები იყვნენ. 2011 წელს ამ ადამიანებმა მიიღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოწმობები, გახდნენ ამ უწყების ოფიციალური თანამშრომლები, თუმცა რეალურად არ ასრულებენ მოვალეობებს. უბრალოდ, აქვთ კუდ-ის მოწმობები, ნაჩუქარი ავტომობილები, იღებენ ხელფასს და მათი ერთადერთი მოვალეობა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურად პასიური მდგომარეობაა, ისინი ინფორმაციას აგროვებენ პოლიტიკურად აქტიურ პირებსა და მათ გარშემო მყოფებზე. ხოლო როდესაც სიტუაცია იძაბება, იწყებენ სპორტსმენების შეგროვებას და მომზადებას ხალხის დასარბევად. მათი დაჯგუფება 2011 წელს წვრთნას გადიოდა ვაზიანსა და შავნაბადაზე, აგრეთვე, 31- ე ქარხნის ტერიტორიაზე და ბრძანების მიხედვით მოქმედებდნენ. ამჟამად მათ ისევ დაიწყეს სპორტსმენების მობილიზება.

- რატომ, რისთვის ემზადებიან?
- დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო მოსამზადებელი პროცესი როგორც ამ სპორტსმენებთან, ისე დაცვის პოლიციაში, რომელმაც გამოყო 2000 ადამიანი. ისინი დაცვის პოლიციის ბაზაზე გადიან წვრთნებს ე.წ. რობოკოპების ფორმებით. სარალიძემ შეკრიბა ძველი გუნდი და ახლაც დარბევებისთვის ემზადებიან. 2011 წელს, როდესაც სარალიძემ დიდი რაზმი შეუერთა "რობოკოპებს", რიგით ჯალათებს ჰპირდებოდნენ, რომ ყველა მათგანი კუდ-ში დასაქმდებოდა და მათ საჩუქრად ავტომანქანებს დაურიგებდნენ. თუმცა, როგორც შევიტყვე, დამრბევებს დაურიცხეს პრემიები, ნადიმი გაუმართეს და მხოლოდ ამით შემოიფარგლნენ. უთხრეს, ჯერჯერობით კუდ-ში თქვენი ადგილი არ არისო. ასე ვთქვათ, მშრალზე დატოვეს. ამის გამო ბევრი განაწყენდა და დღეს როგორც სარალიძეს, ისე დაცვის პოლიციას, ძალიან გაუჭირდა ხალხის მობილიზება. აღსანიშნავია, რომ მაღალი რანგის ჯალათები უკვე ცდილობენ, ნაკლებად ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში, გაიტანონ თავიანთი ქონება საზღვარგარეთ და თავი გადაირჩინონ. ბევრ უწყებაში არის განცდა იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი მალე დასრულდება და თუკი განაგრძობენ დანაშაულებრივ საქმიანობას, შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს ჯალათები სხვის სახელზე აფორმებენ ქონებას. მაქვს ინფორმაცია კახა ბენდუქიძეზეც, რომელმაც საბერძნეთში მოახერხა თავისი კაპიტალის, ფინანსური აქტივების გატანა. ასევე შეჩერებულია პარლამენტარებისა და მაღალჩინოსნების სასახლეების მშენებლობა. მათ მუშებს განუცხადეს, არჩევნების შემდეგ შეგეხმიანებითო. ანუ, ყველა ცდილობს, დაიმალოს, მიწაში ჩაძვრეს...

ზურაბ ჩიტიშვილი და ზაალ თადუმაძე პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე, ოპოზიციონერებზე ინფორმაციის მოპოვებით არიან დაკავებულნი. მათი ინფორმაციის საფუძველზე არაერთ ადამიანს, პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას გაუსწორდნენ. მოგვიანებით, დამსახურებისთვის ზურაბ ჩიტიშვილი გახდა - სოდ-ის, ზაალ თადუმაძე კი კუდ-ის თანამშრომელი. თადუმაძე 2009 წლამდე იყო რიგითი მოქალაქე, რომელიც საარჩევნოდ ინფორმაციების მოგროვებით იყო "გართული". ამ ადამიანმა გავლენის სფეროს გაძლიერებაც მოახერხა და ქონებაც დააგროვა. თადუმაძემ ერთ დღეში სამი სამხედრო წოდება მიიღო. მანამდე კი იყო საშუალო განათლების მქონე შემდუღებელი.

ჩვენ გავშიფრეთ პოლიციის თანამშრომლები ირაკლი ყიფშიძე, გოდერძი ნატროშვილი და კობა ჩადუნელი. ჩადუნელი, თავდაპირველად, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების უფროსი იყო, მანამდე, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში კი "გაიშნიკი", მუშაობდა პოლიციის სამმართველოში. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაითხოვეს ძალოვანი სტრუქტურებიდან, თუმცა მალევე დააბრუნეს. მან თავი გამოიჩინა დარბევებში 2007 წლის ნოემბერში რუსთაველზე, ტელეკომპანია "იმედთან" და რიყეზე. მოგვიანებით გახდა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-10 განყოფილების უფროსი. როგორც ვიცი, მას უპირებენ გლდანის პოლიციის უფროსად დანიშვნას. ირაკლი ყიფშიძე ჯერჯერობით არის ძველი თბილისის პოლიციის უფროსი, გოდერძი ნატროშვილი კი - ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის უფროსი. სხვადასხვა პერიოდში პოლიციელების დაჯგუფებებს გეგეჭკორისა და გრიგალაშვილის დავალებით, სხვადასხვა პროვოკაციული მოქმედებისთვის იყენებდნენ.

საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია მორიგი სისხლიანი ჯალათი გია უდესიანი. შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ორგანიზებული დაჯგუფების ხელმძღვანელი. 2004 წელს უდესიანი გიგი უგულავას მეოხებით დაინიშნა მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად. უდესიანმა რამდენჯერმე გამოიცვალა მფარველი. მისთვის, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ახალაიასა და მერაბიშვილთან ურთიერთობა და მათი მფარველობა. უდესიანს ჰყავს თავისი დაჯგუფება, თუმცა, ხშირად, მის ბრძანებას პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის დაჯგუფებაც ემორჩილება. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით უდესიანის დაჯგუფება ყველაზე ძლიერია, რადგან მას გავლენა აქვს სხვა ჯგუფებზეც.

- თვითონ უდესიანი ვისი მითითებებით ხელმძღვანელობს?
- უდესიანი არის დათა ახალაიას გავლენის ქვეშ, ასევეა გია დგებუაძე, იგივე "მასტერა", გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი მუხაძე, იგივე "ქილერა", მეგის ქარდავა... სამეგრელოში დაჯგუფებები რომ შეიქმნა და მათ ტყეებში რომ წვრთნიან, ამ პროცესს ახალაიებისა და რურუების გარდა, სათავეში უდგას მეგის ქარდავა. უდესიანის გავლენა ძლიერია ხაშურში, გორში, მესტიასა და თითქმის მთელ თბილისში. მუხაძეს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა ასევე თბილისსა და კახეთში. არსებობს ბევრი სხვა დაჯგუფებაც, რომლებზეც ვაგროვებთ ინფორმაციას. უდესიანზე კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ მან თავისი საქმიანობის შედეგად შეძლო დიდი ქონების დაგროვება და ამით არჩენს დაჯგუფების წევრებს. ერთია კუს ტბა - მოგეხსენებათ, ის მან წაართვა უწინდელ მფლობელ ბესო ხარძიანს. ისინი პარტნიორები იყვნენ, მოგვიანებით, უდესიანმა სპეცოპერაცია ჩაატარა მის წინააღმდეგ და ხარძიანს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხარძიანის მეუღლე კი აიძულეს, ყველაფერი უდესიანზე გადაეფორმებინა. უდესიანი ფლობს ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს, წილს "იოლის" სუპერმარკეტების ქსელში. აქვს საბაჟო ტერმინალი ფონიჭალაში და ა.შ. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უდესიანი არის სამოქალაქო პირი, არ არის ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, მაგრამ ატარებს იარაღს. ეს დაჯგუფებები პროკურატურაზე მაღლა დგანან!