1 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2 აპრილს, 14 საათზე, მცხეთაში (კოდმანის მიდამოებში, შიომღვიმის მიმართულებით) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული 343 ნიუიორკელი მეხანძრისა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი მეხანძრეების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმბოლური ბაღი და მონუმენტი უნდა გახსნილიყო.
რატომ გაახსენდათ ახლა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ტერაქტების შედეგად 11 წლის წინ დაღუპული ამერიკელი მეხანძრეები და მათი უკვდავყოფა კოდმანთან, შიომღვიმისკენ მიმავალ გზაზე, უცნობია. ზოგადად, თავგანწირვა, მით უფრო, სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად, უთუოდ იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ რა კავშირშია ეს მცხეთის არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ნაკრძალთან?
სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ანონსში ვკითხულობთ: «ღონისძიებას საერთაშორისო ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლის ასოციაციის პრეზიდენტი რონ გრუნინგი და დოჯის ცენტრის (მინესოტას შტატი) წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის სამაშველო სამსახურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციის «ქაუნთერ ფართ ინთერნეიშენალის» წარმომადგენლები საჩუქრად 90 კომპლექტ საძილე ტომარას და სპეციალურ ტანსაცმელს გადასცემენ. სულ ახლახან საერთაშორისო ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლის ასოციაციის პრეზიდენტ რონ გრუნინგის ინიციატივით, დოჯის ცენტრმა მცხეთელ მეხანძრეებს საჩუქრად «ფორდის» მარკის სახანძრო მანქანა გადასცა.
საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი 2010 წლის ნოემბერში იმყოფებოდა მცხეთაში. სწორედ მისი გუბერნატორთან შეხვედრისას, ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით გაჩნდა იდეა, მცხეთაში დაარსებულიყო სკვერი, რომელიც იმ ადამიანთა ხსოვნის აღსანიშნავად დაფუძნდებოდა, რომლებმაც საკუთარი თავი სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შესწირეს. ღონისძიების მიზანია პროფესიული საქმიანობისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფა და დასტური იმ მეგობრობისა, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს».
რაკი 2 აპრილს სკვერის გახსნის შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, «საქართველო და მსოფლიო» მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სკვერი გაიხსნა, თუმცა ამაზე დეტალური ინფორმაცია პრესსამსახურის უფროსს აქვს, რომელიც ახლა ნატახტარშია მორიგი ლუდის ქარხნის გახსნაზეო. რაკი ამ ღონისძიებას თვით მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, ცხადია, ქართველ და ამერიკელ მეხანძრეთა სახელობის სკვერი აღარავის გახსენებია. პრესსამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ნატო მაისურაძემ კი დაგვიდასტურა, რომ 2 საათზე მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მახლობლად მართლაც გაიხსნა ქართველ და ამერიკელ მეხანძრეთა სახელობის სკვერი: «სკვერი ზოგადად ყველა ასეთ ადამიანს ეძღვნება და მხოლოდ ამერიკელი და ქართველი მეხანძრეები არ უნდა ვიგულისხმოთ».
სკვერის გახსნა ხანძარსაწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ნიუ იორკის სასამართლომ გაზეთ «ნიუ იორკ ტაიმსის» სარჩელი დააკმაყოფილა და ქალაქის მერია დაავალდებულა, გამოექვეყნებინა მეხანძრეთა და მაშველების 11 სექტემბრის საუბრების ჩანაწერები, რომლებიც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ მეხანძრეთა უმეტესობა იმის გამო დაიღუპა, რომ ბრძანება ვერ მოისმინა. როგორც კი პირველი თვითმფრინავი ცათამბჯენს შეეჯახა, კავშირგაბმულობა პრაქტიკულად მწყობრიდან გამოვიდა. სახანძრო სამსახურის მთავარ პოსტზე მისულმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ მეხანძრეთა უფროსი რადიოს შეკეთებას ცდილობდა.
ერთ-ერთ ჩანაწერზე ისმის, როგორ ყვირის მეხანძრე: «ოთხი უფროსი მყავს და ოთხივე სხვადასხვა ბრძანებას მაძლევს»!
მეორე მეხანძრე ტელეფონით დაუკავშირდა სამაშველო სამსახურის ოპერატორს: «ვერ გამოვდივარ! ვეღარ ვსუნთქავ! მიშველეთ! ჰაერი არ მყოფნის! მიშველეთ, გთხოვთ!»
მესამე მეხანძრეს შენობიდან გადმომხტარი ქალი დაეცა, რის გამოც უმძიმესი ტრავმები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ექიმები ყვებოდნენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები არ ჰყოფნიდათ. თითო მანქანაში რამდენიმე ადამიანს ათავსებდნენ და მინიმალური დახმარების გაწევას ახერხებდნენ. ერთ-ერთი მეხანძრე იგონებდა: «ვგრძნობდი, რომ სხვის საიდუმლოებაში ვერეოდი. აი, ადამიანმა გადაწყვიტა, თავი მოიკლას, მე კი მას ვუყურებ. მე და კიდევ ერთმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, აღარ შეგვეხედა და კედლისკენ მივბრუნდით. თუმცა კარგად გვესმოდა, როგორ ეცემოდნენ ისინი მიწაზე».
დაღუპული მეხანძრეების ოჯახის წევრები ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით იმის დამტკიცებას ლამობენ, რომ მეხანძრეებმა საკუთარი ნებით კი არ გაწირეს თავი, არამედ მათი დაღუპვის მიზეზი ის ქაოსი იყო, რომელმაც 11 სექტემბერს ნიუ იორკში დაისადგურა. ამაზეა დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა ისინი შესაბამის კომპენსაციას. მათ ხომ შვილები, მეუღლეები, მშობლები დარჩათ. სახანძრო სამსახურის ბატალიონის უფროსს, ჯიმი რიჩიზს ვაჟი – მეხანძრე ჯიმი რიჩიზ-უმცროსი დაეღუპა. მამა ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდა დანგრეული ცათამბჯენების გაწმენდით სამუშაოებში, ვიდრე საკუთარი შვილის ცხედარი აღმოაჩინა. მას შემდეგ ჯიმი რიჩიზი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ და დაზარალებულ მეხანძრეთა უფლებებს იცავს.
თუმცა ჯიმი რიჩიზი მცხეთაში არავის მიუწვევია, სამაგიეროდ, მიიწვიეს დოჯის ცენტრის წარმომადგენლები და მცხეთის სახანძროსთვის ნაჩუქარ ერთ «ფორდზე» ილაპარაკეს. ეს უფრო დოჯის სარეკლამო აქციას ჰგავს, ვიდრე სოლიდარობას. ისიც ვერ გამოიყურება ლამაზად, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულ 343 ნიუიორკელ მეხანძრეს სასხვათაშორისოდ «სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი მეხანძრეებიც» მიაბეს და იმითაც არ აიტკივეს თავი, მათი რაოდენობა მაინც გაერკვიათ.
2010 წელს ჟურნალმა The Boston Globe-მ გამოაქვეყნა დაღუპული მეხანძრეების ხსოვნის პატივსაცემად ნიუ იორკში, ტრაგედიის ადგილზე, მისული ადამიანების ფოტოები. მათ შორის პატარა ლუკ ფავლენიშვილიც იყო, რომელიც მამის _ გიორგის მხრებზე იჯდა და მეხანძრე ჯო ჰიუბერს ვარდს უწვდიდა. მისი ღიმილი და გამოხედვა ნამდვილი იყო, იმისგან განსხვავებით, თუ რა დატვირთვა შეიძინა 11 წლის შემდეგ მცხეთაში სახელდახელოდ მავთულის ბადით შეღობილმა მემორიალურმა სკვერმა.
უზარმაზარი ქვის ლოდის წინ ორენოვანი აბრაა, რომელიც გვამცნობს, რომ სკვერი 11 სექტემბერს 343 დაღუპული ამერიკელი მეხანძრის და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი მეხანძრეების ხსოვნას ეძღვნება. წინ ორი დროშაა – ქართული და ამერიკული, ზემოთ _ შიომღვიმის მონასტერი, ქვემოთ _ მცხეთა. იქვე ახლოს წმინდა გიორგის პატარა ბაზილიკაა, იმის ქვემოთ _ სასაფლაო, ცოტა მოშორებით _ სამთავრო, გაღმა _ ჯვრის მონასტერი.
ამერიკული დროშა აქ ისევე უადგილოა, როგორც საბჭოთა სამხედრო ნაწილი, რომელიც ჯვრის მონასტრის ფერხთით იდგა კარგახანს. ის ნაწილი აღარ არის, სამაგიეროდ, 2004 წელს საქართველოდან გასული რუსული არმია 2008 წლის უგუნური ავანტიურის შედეგად უკან შემობრუნდა და კვლავ 40 კილომეტრშია თბილისიდან. თუმცა ქართული ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების მლიქვნელობა იმის შეთავსებას ახერხებს, რაც, ერთი შეხედვით, შეუთავსებელია; 2008 წელს, ომის დღეებში ქართველი გუბერნატორები «ოკუპანტებად» წოდებულ რუს გენერლებს საკუთარი მანქანებით დაატარებდნენ, ახლა კი ამერიკელ მეხანძრეებს უკვდავყოფენ.
თუმცა ისტორიულ მცხეთას ბევრი რამ ახსოვს, გაცილებით ადრინდელი, ვიდრე ამერიკის კონტინენტს დემოკრატიზატორები შეესეოდნენ. ქრისტეშობამდე 65 წელს მცხეთა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა დალაშქრა. IV საუკუნის დასაწყისში იერუსალიმიდან მოსული ნინო მცხეთაში ქრისტიანობას ქადაგებდა. 326 წელს მეფე მირიან III-მ და მისმა ოჯახმა ახალი რელიგია მიიღო. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. VI საუკუნის დასაწყისში მეფე დაჩი I უჯარმელმა მამის _ ვახტანგ გორგასლის ანდერძის თანახმად, დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთამ დაკარგა პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ იგი კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა _ აქ იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია. 736-738 წლებში ქალაქი არაბმა სარდალმა მურმან II იბნ მუჰამადმა _ მურვან ყრუმ დაიპყრო და გაანადგურა, დაანგრია არმაზციხე. XV საუკუნის დასაწყისში მცხეთა თემურ-ლენგმა დაარბია, მაშინ სვეტიცხოვლის ტაძარი ძალზე დაზიანდა. მომდევნო საუკუნეებში მცხეთის მნიშვნელობა თანდათან დაქვეითდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ იგი დუშეთის მაზრის მცირე სოფელიღა იყო. ავადხსენებულ საბჭოთა ხანაში კი (სამხედრო ნაწილი როცა იდგა) დიდი მცხეთა ნაკრძალად გამოცხადდა.
თავგანწირვა და ერთგულება ქართულ ლიბერალურ წრეებში სასაცილოდ ასაგდები ცნებები გახდა, ოღონდ აქ – საქართველოში. თავის გაწირვა მხოლოდ ნიუ იორკში ტერაქტისას და ავღანეთში დემოკრატიის ექსპორტისას არის მისასალმებელი. 300 არაგველი აღარ არის აქტუალური, ახლა 343 მეხანძრის ხსოვნის დროა. მთელ მსოფლიოში ორმაგი სტანდარტის ზეობაა, ქართული ორმაგი სტანდარტი კი ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ქვეშ იფურჩქნება. სააკაშვილი წინასაარჩევნოდ კბილების ჩასმას ჰპირდება მოხუცებს, ლიბერალიზმის მებაირახტრეები კი ლგტბ-ზე აუგის მთქმელებზე ნადირობით არიან დაკავებულნი.
იმ 343 დაღუპული მეხანძრის გარდა, ამერიკაში ოთხი მეხანძრეც აღმოჩნდა, რომელთაც სან-დიეგოს მერიას გეი-პარადზე მიღებული მორალური ტრავმის გამო უჩივლეს. ვიდრე მცხეთაში დაღუპულ მეხანძრეთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ, თბილისელი გეები სანდიეგოელ მეხანძრეებს დასცინოდნენ:
«ხახახააა, ძალიან მაგარი ამბავი! თურმე 2008 წელს სან დიეგოს 4-მა მეხანძრემ სარჩელი აღძრა ქალაქის მერიის წინააღმდეგ. მათი თქმით, მერიამ აიძულა, მონაწილეობა მიეღოთ გეი-პარადში. როგორც მეხანძრები ამბობენ, ეს სექსუალური ძალადობა იყო მათზე და თანაც დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიუღიათ (ხახა ხააააა..... ). ისინი ქალაქს ნახევარი მილიონიდან მილიონამდე თანხას ედავებოდნენ კომპენსაციის სახით. სასამართლო 2008-ში შემდგარა, მაგრამ ნაფიც მსაჯულებს ვერც ერთხელ ვერ მიუღიათ გადაწყვეტილება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მეორე სასამართლო დასრულდა. მსაჯულებმა ქალაქს ჯარიმა გადაახდევინეს, თუმცა სულ რაღაც 34 ათასი აშშ დოლარი, უფრო დეტალურად კი _ 4 მეხანძრიდან თითოეული 5 ათას დოლარს მიიღებს. მათგან ერთ-ერთი _ 14 ათასს დამატებით, ძალადობის საკომპენსაციოდ, და კიდევ 100 დოლარს ფსიქოლოგიური ტრავმისთვის. ძალიან ვხალისობ»!
ეს ორი ისტორია სასაცილოცაა და სატირალიც, ისევე, როგორც ლუის კეროლის ჯადოსნური ზღაპრის _ «ალისა საოცრებათა ქვეყანაში» ახალი ქართული თარგმანი. მისი გმირი _ ალისა ელისად გადაიქცა. როგორც ჩანს, «ალისა» რუსულად ჟღერდა, ხოლო «ელისი» _ ამერიკულად! თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა «გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის» ერთი, აწ გამქრალი სახე ჯიუტად ეძახდა აშშ-ის დედაქალაქს «ვოშინგტონს», ხოლო რუსეთის პრეზიდენტს _ «პუწინს». არც ერთია სწორი და არც მეორე მართებული, მაგრამ რად გინდა, _ საქართველოში ერეკლესა და ყურებიანი ქუდის ამბავი კვლავაც აქტუალური რჩება!