შეიარაღებული ჯგუფები შიდა ქართლშიც იქმნება! რა ბრალდებებს უყენებენ დევნილები და ვინ არის ბადრი ბასიშვილი?

შეიარაღებული ჯგუფები შიდა ქართლშიც იქმნება! რა ბრალდებებს უყენებენ დევნილები და ვინ არის ბადრი ბასიშვილი?

"რუსი მოდის - ეს სიტყვები ხმამაღლა რომ დაიძახო, წითელ ხიდზე გაქცეულების რიგი დადგება. ეს ერთხელ უკვე ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში. ამდენად, რაც უნდა იძახონ სააკაშვილის გარემოცვაში შეიარაღებული ჯგუფების შექმნა რუსეთიდან მომავალ საფრთხეს უკავშირდებაო, უბრალოდ ტყუილია და აღარც არავინ იჯერებს. რეზერვად მონათლული შეიარაღებული ჯგუფები ხალხის ჩასაწიხლად და მისაჩმორებლად იქმნება", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით შეიარაღებული ჯგუფები შიდა ქართლშიც იქმნება! / რა ბრალდებებს უყენებენ დევნილები და ვინ არის ბადრი ბასიშვილი?

"ვერსიამ" ადრე შემოგთავაზათ პუბლიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი სამხედრო დაჯგუფებების ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობდით. ანალოგიური ვითარებაა შიდა ქართლშიც. მოგეხსენებათ, ლტოლვილთა კომპაქტური დასახლებები, ძირითადად ქართლის ტერიტორიაზეა განთავსებული. "ვერსიის" ინფორმაციით, ნაცმოძრაობის წევრები ამ დასახლებებში აქტიურად დადიან და დევნილებს რეზერვში აწევრიანებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებენ. დევნილი ქალბატონი ნინო მაისურაძე ადასტურებს, რომ სამხედრო რაზმების ჩამოყალიბება სწორედ მოსახლეობის დაშინების მიზნით ხდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"მთელ ქართლში სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და მოსახლეობას რეზერვში აწევრიანებენ. ეუბნებიან, რამე საფრთხე თუ იქნება, თვითონაც ხომ იცით, ვის რა წინააღმდეგობას ვუწევთო - არადა, თქვენ არ იცით,ესენი რა წინააღმდეგობის გამწევები არიან? ყველამ კარგად ნახა გორში სააკაშვუილის ვაჟკაცობა. რუსების ისე ეშინიათ, როგორც მამალი მგლისა. უბრალოდ, მე გეტყვით, რისთვის მიდის მზადება. თვითონ მაგათი თავკაცები ამბობენ, რომ შემოდგომაზე არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან. ზუსტად ისეთ ციფრს დასვამენ, რაც "ენდიაიმ" დადო. ამის შემდეგ თუ მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვა, ეს მოინათლება რუსული სპეცსამსახურების მიერ შემოგდებულ აქციად დფა სწორედ მომიტინგეთა დასარბევად არის გათვალისწინებული ეს ყველაფერი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო მაისურაძე.

"ამ ყველაფერს თაოსნობს ბადრი ბასიშვილი, რომელიც ერთ დროს არავინ იყო და უცებ დიდი ბიზნესმენი და დეპუტატი გახდა.. ცოტა ხნის წინ ორი საავადმყოფო შეისყიდა გორში, რუსთავში მანქანების ბაზრობაზეც აქვს წილი, შაუმიანში აქვს აღებული ტერიტორია, სადაც თაფლის ბიზნესს აწარმოებს, არადა ერთი საცოდავი ადამიანია, 5-ჯერ არის დაჭერილი. ავარდნილი ბიჭი იყო, თბილისში ვიღაც დააყაჩაღა და "კურტკა" გახადა, ამბობენ, ნარკოტიკის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ძლებდაო. მეზობლის ეზოსთან მაღალი ჭინჭარი იყო ამოსული, შუაში ლეიბი დაიდო და მთელი ზაფხული იქ ეძინა ხოლმე - პოლიცია არ დამადგეს თავზეო. დღეს არ ვიცი რას შვრება, ღმერთმა ქნას აღარ იკეთებდეს, მაგრამ ერთი წლის წინ რომ იკეთებდა, დარწმუნებული ვარ, თუმცა ყოფილი ნარკომანი იშვიათად არსებობს. ასეთი კაცი განაგებს დღეს ლტოლვილთა ბედს, ვისაც ყველანაირი შეღავათი გაუუქმეს. ჩასახლებებში დადიან და რეზერვში აწევრიანებენ ხალხს, 70-75 წლის კაცებს რომ გააწევრიანებ, რა რეზერვზეა საუბარი? ამ ასაკის ხალხი შეიძლება რეზერვში ჩაწერო? ეს ხომ სისულელეა. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ხდება ხალხის დაშინების მიზნით. ბასიშვილის გარშემო ძირითადად კრიმინალები არიან თავმოყრილი, მაღალ ხელფასებს უხდიან, გამგეობებსა დ საკრებულოებში აფორმებენ სამსახურში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მასთან ერთად ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს ანდრო ჭულუხაძე, კობა სუბელიანის მოადგილე, წეროვანში რომ ჩავიდა ხეთაგურთან და დევნილებს საქმეს ურჩევდა. ეს ჭულუხაძე და ბასიშვილი ძმაკაცები არიან. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ერთი პერიოდი ციხეში იჯდა ყალბი დოლარებისა და კონტრაბანდისთვის. იქ "დაავერბოვკეს" და როცა გამოვიდა, ბასიშვილის მოადგილე გახდა. ერთად ჩამოაყალიბეს ზონდერ-ჯგუფი. ყველაფერს ხუთიანზე რომ უსრულებდა თავის პატრონებს, დააწინაურეს და ახლა არის კობა სუბელიანის მოადგილე. აი, ასეთი ხალხი ჰყავთ ყველგან, კრიმინალები, სამსახურის უფროსებად. თუ ვინმე შემოგედავებათ, ტყუილიო, უთხარით, გადაამოწმონ, არის თუ არა ანდრო ჭულუხაძე ნასამართლევი. ანდა ბადრი ბასიშვილს რომ იჭერდნენ ნარკომანობისთვის - იმასაც გეტყვით ვინ დაიჭირა: მაშინ დიდინ ლიახვის ხეობაში პოლიციის უფროსი იყო ვახტაბგ გოგიძე, მაგან დაიჭირა, იმ ჭინჭრებიდან გამოყვანა და ჩაიყვანა გორში... სხვა პოლიციელების არიან, ვინც ყველაფერს გაუხსენებენ - უბრალოდ დღეს ბევრს აშინებენ და ყველაფერს ვერ ამბობენ, მაგრამ ამის დროს მალე დადგება", - მიიჩნევს ნინო მაისურაძე.

"არ მეგონა ჩვენი ხალხი ასეთი შეშინებული თუ იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი რომ დაკარგეს, მთლიანად ამათზე დამოკიდებული აღმოჩნდნენ, აქედან მოდის შიშის ფაქტორი - ვისაც აღარც სახლი აქვს და აღარც კარი, მისი მართვა იოლია. 3 000 კაცზე მეტია, ვინც 10 000-დოლარიანი კომპენსაციით არ დააკმაყოფილეს - კომპენსაციების ნაცვლად ვითომ საცხოვრებელი შესთავაზეს გორში, ხაშურში თუ კახეთში, მაგრამ არც ამას აძლევენ. უბრალოდ, დროის გაყვანის ტაქტიკაა. არადა, 640 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი დევნილებისთვის. თვითონ გადაინაწილეს ამ კრიმინალებმა. აბა საიდან ყიდულობს ბარდი ბასიშვილი საავადმყოფოებს? სააკაშვილმა რომ თქვა, მერაბიშვილზე, გაღლეტილი იყოო, ეს არ ვიცი, მაგრამ ბადრი ბასიშვილი რომ ნაღდი გაღლეტილი იყო, დიდი ლიახვის ხეობიდან ბევრი დაგიდატურებს. დღეს კი დიდი ბიზნესმენი გახდა", - დასძენს ნინო მაისურაძე და შეკითხვას - "ჩვენთან პირად საუბარში თქვენ ახსენეთ, რომ ეს ზონდერები ივანიშვილის წინააღმდეგ იმუშავებენ" - პასუხობს:

"პირადად ბიძინა ივანიშვილს რამე დააკლოს, ასე არ არის, სულ 70 კაცი ჰყავს, მაგრამ ესენი ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად. თუკი ეს გაუვათ, ბიძინა ივანიშვილმა თავი რომ გადაირჩინოს, როგორც პოლიტიკოსმა ქუჩაში უნდა დაიცვას თავისი ხმები. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ლოზუნგი, "არჩევნები ქუჩისა და რევოლუციის გარეშე" მას, როგორც პოლიტიკოსსს გააცამტვერებს, ასე რომ თუკი ივანიშვილი იძულებული იქნება მაინც ქუჩას მიმართოს, აი, აქ უკვე სერიოზული პრობლემები მოელის".

"ისეთ სერიოზულ ბრალდებებს უყენებს ჩვენი რესპონდენტი დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარ დეპუტატ ბადრი ბასიშვილს, ცალმხრივი რომ არ გამოსულიყო ჩგვენი ინტერვიუ, ამ მიზნით ბადრი ბასიშვილს დავუკავშირდით: "მეც ხშირად მესმის ასეთი ჭორი, მაგრამ არ ვიცი, საიდან მოდის ან რატომ ასოცირდება ჩემი სახელი საავადმყოფოებთან. მიკვირს, იმას რომ არ მაბრალებენ - საავადმყოფოებს იმიტომ ყიდულობს, ქუჩებში ხალხს რომ სცემს, მერე იქ უმკურნალოსო", - აცხადებს ბადრი ბასიშვილი და შეკითხვას - "კარგია, რომ თქვენვე გადახვედით მომდევნო თემაზე, ზონდერჯგუფის თავკაცობას ვგულისხმობ" - პასუხობს:

"რაც შეეხება ამ საკითხს, საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ ჩემს გვერდით არიან მეგობრები. ეს არის ის ხალხი, ვისაც უყვარს თავისი ქვეყნის დროშა, ჰიმნი და პრეზიდენტი, ვინც არ დაემონება პუტინს და ბიძინა ივანიშვილს. სხვათა შორის, მხარბეჭიანებიც არიან..." - არის თუ არა მხარბეჭიანი მეგობრების ხსენება ფარული მუქარა, ამას აღარ ჩავძიებივარ, რადგან მოვილაპარაკეთ, რომ ბევრ დაგროვილ კითხვას ცალკე ინტერვიუში გავცეთ პასუხი. ასე რომ უახლოეს ხანში ბადრი ბასიშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც იგი ყველა ბრალდებას დეტალურად უპასუხებს", - დასძენს გამოცემა.