„საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან რევერანსის პოლიტიკას ატარებენ“

„საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან რევერანსის პოლიტიკას ატარებენ“

აშშ–ევროპას შორის ზორბა შავმა კატამ გადაირბინა. სარკოზიმ, მერკელმა და მედვედევმა ლა–მანშის სანაპიროზე „უსაფრთხოებისა და მსოფლიო ეკონომიკის საკითხები“ განიხილეს. ვაშინგტონი ამ მოლაპარაკებებს „ევროუსაფრთხოების სისტემაში მისი როლის შესუსტების მცდელობად“ განიხილავს

 

როგორც ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ წერს, ნოემბერისთვის დაგეგმილ ნატო-ს ლისაბონის სამიტამდე საფრანგეთი და გერმანია რუსეთის მისამართით რევერასნის პოლიტიკას ატარებენ. ევროპელები რუსეთთან „საერთო ეკონომიკურ სივრცეზე, ასევე  უსაფრთხოების საერთო კონცეფციაზე და უვიზო რეჟიმზე“ საუბრობენ.

ამერიკა თავის მხრივ, ევროპის უსაფრთხოების სისტემიდან გათიშვას არ აპირებს.

 

„რუსეთის მიბმა ევროპაზე –  ეს იყო სარკოზი-მერკელის მიზანი დოვილში. ამ ამოაცანას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და, ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ შესრულდება, თუმცა კონტექსტი, როგორც იქნა, დადებითი გახდა და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დაუშვებელია“, – წერს გამოცემის პოლიტიკური მიმომხილველი.

 

პარიზი და ბერლინი მოსკოვთან მიმართებაში „გადატვირთვისკენ“ ისწრაფვიან, – სტატიას ამ სათაურით ბრიტანული „ფაინეშალ თაიმსი“ აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს სამიტზე რუსეთი მხოლოდ მსმენელი იქნება და მედვედევი მხოლოდ იმას დააკვირდება, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს სხვა ლიდერები, დოვილის ორდღიანი ტრიუმვირატი ბევრს მომავალი თანამშრომლობის მყარ საფუძვლად ეჩვენება, – წერს გამოცემა.

 

გერმანული „ზედოიჩე ცაიტუნგი“ კი აღნიშნავს: „იმ ფაქტმა, რომ ლისაბონის სამიტზე რუსეთს საშუალება არ ექნება, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღებაში, არ შეიძლება მოსკოვი არ გაანაწყენოს, ამიტომ ფრანგები და გერმანელები ნიადაგს ამზადებენ, უთხრან რუსებს: გვჭირდებით, ჩვენ თქვენთან ერთად უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ერთიანი სივრცის შექმნისკენ მივისწრაფვით“.

 

გერმანული გამოცემა რუსეთის ისტორიულ როლსაც არ ივიწყებს და წერს, რომ „ცივი ომისდროინდელი მტერი და არც ისე მარტივი მეზობელი რუსეთი ევროპისთვის პარტნიორი უნდა გახდეს“.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიჩნევს, რომ 10-15 წლის შემდეგ რუსეთსა და ევროკავშირს შორის საერთო ეკონომიკურ სივრცე იქნება. მისივე თქმით, იქნება ასევე უსაფრთხოების საერთო კონცეფცია და უვიზო რეჟიმი.

 

„ჩემი პირადი აზრით 10-15 წლის შემდეგ მომავალი იქნება ასეთი: რუსეთსა და ევროკავშირს შორის იქნება საერთო ეკონომიკური სივრცე, სავიზო რეჟიმის გაუქმება და უსაფრთხოების საერთო კონცეფცია“, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ დოვილში რუსეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

აშშ რუსეთ-საფრანგეთ-გერმანიის ლიდერების ბოლო მოლაპარაკებების გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს და შიშობს, ევროუსაფრთხოების სისტემაში მისი როლის შესუსტება არ იგეგმებოდეს. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის აპარატის მაღალჩინოსნის განცხადებებზე დაყრდნობით წერს.

 

„რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ევროპას უსაფრთხოების ახალ სისტემას სთავაზობს, რომელიც სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ამერიკა კი, თავის მხრივ, ევროპის უსაფრთხოების სისტემიდან გათიშვას არ აპირებს“ - წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

 

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონიც გამოეხმაურა.

 

„არ გვგონია, საჭირო იყოს ახალი ხელშეკრულება. უნდა ვეცადოთ, შევასრულოთ არსებული სისტემის პრინციპები და არა შემოვიღოთ ახალი“- აღნიშნა გორდონმა.

 

ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კურტ უოლკერის განცხადებით კი, „ევროუსაფრთხოების საკითხში ამერიკის როლის შესუსტების მცდელობას ადრეც ჰქონდა ადგილი და თუ ეს კიდევ განმეორდება, გაჩნდება კითხვა: არის თუ არა ეს სიგნალი ამერიკისთვის ევროპის მომავალი პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით“.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა "დიდი ტროიკის" ფორმატში მოლაპარაკებები ხუთწლიანი შესვენების შემდეგ განაახლეს.  ოფიციალური ინფორმაციით, მედვედევი, მერკელი და სარკოზი პარიზიდან 200 კილომეტრის მოშორებით, ლა-მანშის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ დოვილში მსოფლიო პოლიტიკის საკითხებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე „ტროიკის“ ლიდერებმა უახლოეს მომავალში დაგეგმილ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფორუმებზეც იმსჯელეს - ეს არის ნატოს სამიტი ლისაბონში (19-20 ნოემბერი), ეუთოს სამიტი ასტანაში (1-2 დეკემბერი) და ევროკავშირისა და რუსეთის დიალოგი ბრიუსელში (7 დეკემბერი).

 

ახალი ევროპული სივრცის შექმნაზე საუბრის დაწყებამ აშშ-ში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.