მკაცრად ვგმობ ამღაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას

მკაცრად ვგმობ ამღაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას

ევროპის სახალხო პარტია კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გმობს. შესაბამის განცხადებას პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ ამღაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, რომელიც მიმართული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, წევრებისა და დეპუტატების წინააღმდეგ. ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია ფართოდ გავრცელებული დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელიც ხორციელდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აცხადებს ჯოზეფ დოლი და მომხდარის დაუყონებლივ გამოძიებას ითხოვს.

„ოპოზიციის სასამართლო დევნა და დაშინება არის სრულიად მიუღებელი და ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. საქართველოს მთავრობამ დაუყონებლივ უნდა გამოიძიოს ინციდენტები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. საქართველოში არ უნდა ჰქონდეს ადგილი დაუსჯელობას“, - მიიჩნევს „სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი.

ის კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში „სისტემატური ძალადობის, პრესის თავისუფლებასა და სასამართლო სისტემაზე განხორციელებული თავდასხმების საშიში ტენდენციის“ გამო.

„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპები და კანონის უზენაესობა. მომხდარი მოვლენები არამხოლოდ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონის უზენაესობას, არამედ პირველ რიგში, საფრთხის ქვეშ აყენებს საარჩევნო გარემოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ასევე, საქართველოს გზას ევროპული ინტეგრაციისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.