საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, უკრაინაზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც მინისტრებმა მაცნობეს, ვინაიდან საქართველომ ვალდებულებები ჩვენზე ადრე შეასრულა, ის შესაძლოა, დღის წესრიგში რამდენიმე კვირით ადრე მოხვდეს“, - განმარტა კლიმკინმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მასთან გამართულ შეხვედრებზე დაადასტურეს, რომ ევროკავშირს არც საქართველოსთან და არც უკრაინასთან არანაირი კითხვები არა აქვს.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირეებსა თუ თვეებში უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი დღის წესრიგში არ მოხვდება.