სამართალდამცველებს სწრაფად უნდათ რეაგირება იმ ფაქტებზე, რაც სამეგრელოში მოხდა, ამავდროულად, ეს რეაგირება უნდა იყოს სამართლიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას თქმით, მას გუშინ ჰქონდა საუბარი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან და ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ.
ბესელიას ინფორმაციით, მიმდინარეობს დაკითხვები, მოწმეთა ბაზის იდენტიფიცირება, დაშავებულთა მდგომარეობის შეფასება და იმ პირების გამოკვეთა, ვინც დაშავდა და ვინც დააშავა.
„ფრთხილად, მაგრამ ძალიან პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს ძალადობის მონაწილეები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება იმას, ვიდეოკადრები არის თუ არა საკმარისი დამნაშავეთა დასადგენად, ბესელიას თქმით, კადრები არის ერთ-ერთი კარგი ხელშემწყობი ფაქტორი, თუმცა ამავდროულად მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვები.
ამასთან, ბესელიას განმარტებით, გამოძიება არ ჭიანურდება იმის გამო, რომ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და აცხადებს, რომ დამნაშავეებს ხელს არავინ დააფარებს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ, ბესელიას თქმით, პარლამენტი ამისთვის მზად არის.
„ცვლილებები კანონში უკეთესია, რომ უფრო ფართო დისკუსიით ხდებოდეს, მაგრამ რადგან მოცემულობა არის ასეთი, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ გვჭირდება კიდევ დამატებით საკანონმდებლო ცვლილებები, ამისთვისაც მზად ვართ და დავძენდი, რომ გარდა ამ საკანონმდებლო ცვლილებისა, შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა დამატებით პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მსგავსი პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ და წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და თავისუფალი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.