პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავის პირველ კომენტარს ნანობს

პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავის პირველ კომენტარს ნანობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავის პირველ კომენტარს ნანობს.

როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სიტყვები იყო არასწორი და წინდაუხედავი. ზაქარეიშვილი აპირებს, რომ ხურჩაში ჩავიდეს და ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმროს.

„ხურჩაში რაც მოხდა ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე პირველი კომენტარი 21 მაისს გააკეთა. მისი განცხადებით, ამ ხელისუფლების პერიოდში ”ეს პირველი ასეთი მსხვერპლია, რაც ეჭვქვეშ აყენებს სამშვიდობო პოლიტიკას, თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ”.

„ეს არის საშინელი მკვლელობა. სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის არ მეორდება. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.