როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით შედგება 28 ქვეყნის კონსენსუსი, ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება MAP-იც და საქართველო გახდება ნატოს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ MAP-ზე საუბარი დამთავრდა, რადგან დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანების გზაზე.
”მე არ ველოდები ივლისში, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამის არც მოლოდინის გაჩენას ვგეგმავ. რაც შეეხება MAP-ს, გასული წლის დეკემბერში მინისტერიალის შემდეგ MAP-ზე საუბარი დამთავრდა. საქართველოში უჭირთ ხოლმე, ხანდახან სპეციალურად იჭირვებენ ხოლმე ადეკვატურად ამბების გაგებას. დეკემბერში, მინისტერიალის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი. საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ სჭირდება და ეს აღარაა რიტორიკული სიტყვები, ეს დეკემბრის დეკლარაციის მონაპოვარია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანების გზაზე. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით შედგება 28 ქვეყნის კონსენსუსი, ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება MAP-იც და საქართველო გახდება ნატოს წევრი”, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.