პრემიერის ინიციატივით, საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები უნდა გამკაცრდეს

პრემიერის ინიციატივით, საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები უნდა გამკაცრდეს

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გაამკაცროს.

პრემიერი კორცხელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ უმოკლეს დროში, გამოვლენილი იქნება ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რომლებიც კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.

"ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე", - აცხადებს პრემიერი.

ამავე განცხადების თანახმად, ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის.

"ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო".