საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახური, შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA–ს) ნაციონალური წევრი გახდა. შეთანხმებას ხელი საფრანგეთში, პარიზში მოეწერა.
IALA აპოლიტიკური საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში ადგენს ნაოსნობის ერთიან წესებს. ამჟამად ასოციაციაში 81 ნაციონალური, 55 ასოცირებული და 123 ინდუსტრიული წევრია. იგი აერთიანებს ექსპერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ნაოსნობის ხარისხის ასამაღლებლად კოორდინირებას და რეკომენდაციებს უწევენ წევრ ქვეყნებს.
ასოციაციის წევრობა გულისხმობს: 1. კადრების გადამზადებასა და კვალიფიცირებას; 2. ექსპერტთა ჯგუფების საქართველოში ჩამოსვლას; 3. საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მშენებარე პორტებისთვის ჰიდროგრაფიული (საზღვაო მარკირების) პროექტების შედგენას; 4. IALA-ს გენერალურ ანსაბლეაზე, კომიტეტებსა და საბჭოში ხმის მიცემის უფლებას.
IALA-ს ასოციაცის წევრობის ფარგლებში, 2016 წლის სექტემბერში ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელი საზღვაო სანავიგაციო ნიშნების მენეჯმენტში სასწავლო კურსს ჩინეთში IALA-ის დაფინანსებით გაივლის, საგულისხმოა რომ ანალოგიური სპეციალობის კადრი საქართველოს არ ჰყავს.
საქართველო, როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა, IALA-ს ექსპერტის მუდმივი მომსახურებით ისარგებლებს, რომელიც რეკომენდაციებს ამ სფეროში წამოჭრილ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გასცემს. პორტებში ჩატარდება რევიზია, რის საფუძველზეც მომზადდება დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით.
აღსანიშნავია, რომ IALA–ს ბენეფიტებით ისარგებლებს არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური, არამედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის საზღვაო აკადემია.