"ნაციონალური მოძრაობის" ოდიოზური სახეების საზოგადოებაში გამოჩენისას, გაღიზიანება მოსალოდნელია"

სოციოლოგ ვალერიან გორგილაძე სამეგრელოში, საარჩევნო უბანთან მომხდარ ინცინდენტში "ქართული ოცნების" ბრალეულობას ვერ ხედავს.

გორგილაძე არ იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ინცინდენტში მონაწილე სპორტსმენები ზონდერებად დაიქირავა.

"საზოგადოებრივ მეხსიერებაში ზონდერების ტერმინი დაინერგა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. ამდენად, იმ ტერმინებს ავრცელებენ, რაც თავის დროზე დანერგეს. დაქირავებული რას ნიშნავს?! აღიარეს "ოცნების" ლიდერებმა, რომ ყველა ეს სპორტსმენი მისი მხარდამჭერია, ან პარტიის წევრი. ეს კუნთმაგარი ბიჭები როგორც "ოცნებას", ისე "ნაციონალურ მოძრაობასაც" დაყვებიან. მათი მობილიზაცია შეხვედრებისათვის, კონტრკამპანიის საწარმოებლად ფართოდ დაინერგა ნაცმოძრაობის დროს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ ორივე მხრიდან ამ ძალების საკმაოდ დიდი კონცენტრაცია იყო", - განუცხადა გორგილაძემ "პირWელს". 

მისი თქმით, ის, რომ ეს ინცინდენტი მიზანმიმართული არ იყო, მეტყველებს ის, რომ მხოლოდ ერთ ლოკაციაში მოხდა, ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

"მადლობა ღმერთს, თორემ შვიდ მუნიციპალიტეტში იყო და ასეთი რამ არსად ხდებოდა. რაღაც მოხდა, რამაც ნაპერწკალი მისცა ამ სამწუხარო დაპირისპირებას. იქ ზოგ-ზოგიერთი ყოფილი უმრავლესობის წევრი, თან ოპოზიციაში რომაა და თან ხელისუფლებაში ყოფნაც უნდა, და ამ ყველაფერს ერთმნიშვნელოვნად "ოცნებას" აბრალებს, ასე არ არის. როდესაც ორი დაპირისპირებული ძალა ერთად ხვდება, ყოველთვის არის იმის შანსი, რომ მსგავსი ექსცესი მოხდეს. ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ყველაფერი და მათ შორის, ეს დესტრუქცია და ძალადობა. ეს მართლაც უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ არის ვითარებები, როდესაც ასეთი სიტუაციის გაკონტროლება რთულია", - აღნიშნა სოციოლოგმა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს სამჯერ აღემატება ოპონენტ მხარდამჭერთა რაოდენობა.

"როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ოდიოზური სახეები საზოგადოებაში ჩნდებიან, იქ გაღიზიანებაა მოსალოდნელი, რამაც შეიძლება მუხტი მისცეს ამ კუნთმაგარ ბიჭებს და პირობითი რეფლექსი ჩაერთოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სახელმწიფოს მოსაგვარებელია. ხელისუფლებამ პრევენციებზე დღესვე უნდა იფიქროს, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მსგავსმა ფაქტებმა, შესაძლოა, უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს და დიდი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და ქვეყანას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შესაძლოა, ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ვინაიდან სამოქალაქო დაპირისპირება გულისხმობს მეტ-ნაკლებად პარიტეტული ძალების არსებობას. აქ პარიტეტზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან დამაჯერებელი გამარჯვება "ქართულ ოცნებას" აქვს", - განაცხადა სოციოლოგმა.

მისი თქმით, პრემიერი სწორად ფიქრობს, როდესაც აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებზე სამართალდამცავთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

"ქართულმა ოცნებამ", რომელსაც ყველაზე დიდი რესურსი აქვს, უნდა გააცნობიეროს, რომ არანაირი რესურსი და სახელმწიფო არ ეყოფა "ოცნების" და "ნაციონალების" გაშველებას საქართველოს მასშტაბით. 7 ლოკაციაზე იყო არჩევნები და ერთი ამბავი ატყდა და წარმოიდგინეთ, საქართველოს მასშტაბით როცა იქნება არჩევნები. არც ერთი სახელმწიფო რესურსი არ ეყოფა ამას. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს ის პასუხიმსგებლობა, რომელიც აკისრია და მაქსიმალურად კორექტულად ჩაატაროს არჩევნები", - განაცხადა გორგილაძემ.

ცნობისათვის, გუშინ საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა.

მისი თქმით, წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულები იყვნენ ერთგვარი ზონდერ ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც, ერთ-ერთი მეზობელი რაიონიდან არიან ჩამოყვანილნი.

თავის მხრივ, ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს.