საბჭოთა მიდგომაა - ვინც ნაკრებშია ის სპორტსმენია, ხოლო ვინც ვარჯიშობს და სპორტს მისდევს, ის არ არის სპორტსმენი

საბჭოთა მიდგომაა - ვინც ნაკრებშია ის სპორტსმენია, ხოლო ვინც ვარჯიშობს და სპორტს მისდევს, ის არ არის სპორტსმენი

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას “პოგრომს“ უწოდებს.

როგორც რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ადვილად იდენტიფიცირებადია ყველა ის პირი, რომელიც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგებს წარუდგინა ფოტოები, სადაც მისივე განმარტებით, დაპირისპირების მონაწილეები “ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად იმყოფებიან.

“გუშინ მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტები მოხდა, რომელიც არ იყო გამონაკლისი. ოთხი წლის განმავლობაში “ქართული ოცნება“ პროცესებს ძალადობითა და ძალადობრივი ჯგუფების საშუალებით მართავდა. იყო თავდასხმები - ეს იწყებოდა პირველივე დღიდან, შემდეგ იყო 8 თებერვალი, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა და ეს არ იყო გამონაკლისი. გუშინ განსაკუთრებით მწვავე შემთხვევა მოხდა. იმ ფონზე, როცა რეალობა იცვლება და თქვენ ხედავთ რეალობას, როცა ხელისუფლებას ტოვებთ, ქართველი ხალხი სხვას ირჩევს, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესი იყოს რაც შეიძლება მშვიდობიანი, რომ არ დაზარალდეს არც ქვეყანა, არც თქვენ და არც ოპონენტები“, - მიმართა უმრავლესობის წევრებს სერგო რატიანმა.

რატიანი შოთა ხაბარელსაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ კორცხელის ინციდენტში არც ერთი მოქმედი სპორტსმენი არ იღებდა მონაწილეობას.

“საბჭოთა მიდგომაა - ვინც ნაკრებშია ის სპორტსმენია, ხოლო ვინც უბრალოდ ვარჯიშობს და სპორტს მისდევს, ის არ არის სპორტსმენი. ამ ადამიანების ამოცნობა ძალიან ადვილია - ისინი თქვენს ლიდერებთან ერთად არიან“, - აღნიშნა რატიანმა ბიუროს სხდომაზე.