ყველა ქვეყნის მხრიდან დადასტურდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა

ყველა ქვეყნის მხრიდან დადასტურდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა

ყველა ქვეყნის მხრიდან დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესისადმი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულება და ახლა უკვე ჯერი ევროკავშირზეა.

”დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული მინისტერიალი. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ევოკავშირის უმაღლეს წარომადგენელთან, ასევე გაფართოების საკითხებში კომისართან ერთად და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან ერთად გვემსჯელა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე, შემდეგ ნაბიჯებზე. აღმოსავლეთ პარტნიორობაში არის ქვეყნები, რომელთაც გააჩნია საერთო ინტერესები, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით ინტერესები და პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური მიმართულებით იმ ამბიციებზე, რომელიც გააჩნიათ ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყნებს. დღეს შეხვედრაზე ქალბატონმა მოგერინიმ აღნიშნა, რომ განიხილება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში, საბოლოოდ მიიღება გადაწყვეტილება საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესავლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის. ძალიან მოკლე დროში მოხდა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების კუთხით და იგი სრულად ამოქმედდება პირველი ივლისიდან”, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება პირობითად ძალაში შესულია 2014 წლის პირველი სექტემბრიდან. საუბარი ასევე შეეხო ასოცირების შეთანხმების პირობითად ამოქმედების დადებით შედეგებს, პოლიტიკურ შედეგებს, ეკონომიკურ კომპონენტს, განათლებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას.

”ყველა ქვეყნის მხრიდან დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესისადმი. აბსოლუტურად ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულება და ახლა უკვე ჯერი ევროკავშირზეა, რომ მიიღონ მათ ეს გადაწყვტილება. ხვალ საბჭოში განიხილება აღნიშნული გადაწყვეტილება და პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს”, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების კომპონენსტს. მინისტრის განცხადებით, ხაზი გაესვა მდგომარეობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის.