პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროსთვის უფლებების გაზრდას ფიქრობს. უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, ყადაღადადებული ქონება პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავა და ამ ქონებას ეკონომიკის მინისტრი საკუთარი შეხედულებებისამებრ განკარგავს.
ცვლილება ახალ „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რაც თავისთავად ექსპერტთა კრიტიკას იწვევს იმის გამო, რომ იმ კანონში, რომელიც ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა, უკვე ცვლილებების შეტანაა საჭირო. ცვლილების ავტორები პარლამენტარები ლაშა თორდია, ზვიად კუკვა, კახა ანჯაფარიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.
სამომავლოდ საგადასახადო ორგანოს შეეძლება, მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
კანონპროექტის ავტორები ინიციატივასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ეს საკითხი ახალი ინიცირებულია და საკუთარ პოზიციებს საკომიტეტო განხილვებზე დააფიქსირებენ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად კი, ცვლილების მიზანი ყოფილა ის, რომ ახალი „საგადასახადო კოდექსი“ შესაბამისობაში მოვიდეს „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ კანონთან.
არადა, სულ რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის გადაწყვეტილებით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად საგადასახადო სამსახურს პრიორიტეტი ჩამოერთვა იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციისას.
ცვლილების შეტანამდე ასეთი ქონების რეალიზაციისას პრიორიტეტი ენიჭებოდა საგადასახადო ორგანოებს და, თუკი საგადასახადო დავალიანების დაფარვის შემდეგ დარჩებოდა თანხა, შემდეგ ხდებოდა კერძო ბანკების თუ კერძო პირების დავალიანების გასტუმრება.
განხორციელებული ცვლილების თანახმად კი, საგადასახადო ორგანოებს ეს პრიორიტეტი ჩამოერთვა და უპირატესობა რიგითობას მიენიჭა. ცხადია, მაშინ ხელისუფლების არგუმენტი გასაგები იყო, რომ კერძო სექტორის ინტერესი არ დაზარალებულიყო.
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ესეც გადაიფიქრა და ახორციელებს ცვლილებას, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს შეეძლება, მოვალეს ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა მოსთხოვოს. ეს ქონება კი პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე დაჯდება და მას მინისტრი საკუთარი შეხედულებებისამებრ განკარგავს.
საპარლამენტო ოპოზიცია ამ ფაქტს საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს. „ინიციატივა ინიციატივაზე შემოდის, რომლის თანახმადაც ვერა ქობალიას უფლებები იზრდება. არ ვიცი, ამ ქალმა აქამდე ისეთი რა გააკეთა, რომ პრეზიდენტი ასეთ ნდობას უცხადებს. ყოველ შემთხვევაში, დღეს მინისტრი არის ქობალია და ეს ცვლილებები ხორციელდება სწორედ ახლა. ეს ხომ არის საეჭვო? თუ გგონიათ, რომ არა, მაშინ მიპასუხეთ, რაღა ახლა აძლევენ ეკონომიკის მინისტრს განუსაზღვრელ ძალაუფლებას და რატომ არ ზრუნავენ სხვა მინისტრების ძალაუფლების გაზრდაზე?“ - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებას, მას მიაჩნია, რომ ეს პირველ რიგში, იმ ადამიანებს ჩააგდებს მძიმე მდგომარეობაში, რომლებსაც რაიმე სახის დავალიანება გააჩნიათ.
„ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ციხეში ზის მხოლოდ იმიტომ, რომ აგვისტოს ომის დროს რაღაც გადასახადი ვერ გადაიხადა და მერე ბიზნესი ჩაუავარდა. თუ დაინტერესდებით, ნახავთ, რომ ასეთი პატიმრებით ციხეები სავსეა და ამ ადამიანებს ფული რომ არ გააჩნიათ და მათგან ფულის ამოღებას ვერ ახერხებენ, ახლა სხვა რაღაც მოიგონეს. დაადებს სააკაშვილის სასამართლო მის ქონებას ყადაღას და შემდეგ საგადასახადო მოსთხოვს, რომ პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს გადაულოცოს. დამიჯერეთ, ეს დღეს საკმაოდ მწვავე პრობლემაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ამ ადამიანების საკუთრებას მერე ხელში ვინ და როგორ ჩაიგდებს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.