”თავისუფალი დემოკრატები’’ შსს-ს ყოფილი თანამშრომელის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

”თავისუფალი დემოკრატები’’ შსს-ს ყოფილი თანამშრომელის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

”თავისუფალი დემოკრატები’’ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ბაჯელიძის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

როგორც დეპუტატებმა ირაკლი ჩიქოვანმა და ზურაბ აბაშიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პარტიის ლიდერები გადაცემა ”პოსტსკრიპტუმში” გასულ სიუჟეტს გამოეხმაურნენ და პროკურატურას მოუწოდეს სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება.

”თავისუფალი დემოკრატებს’’ გვსურს გამოვეხმაუროთ ”რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა ”პოსტსკრიპტუმში” გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ე.წ. კაბელების საქმეს. ვთვლით, რომ ამ სიუჟეტში ბაჯელიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმაზე, რომ მას კონკრეტული თანამდებობის პირები შსს-ში აიძულებდნენ სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით კონტრაქტი გაეფორმებინათ კონკრეტულ კომპანიასთან და მას განეხორციელებინა მომსახურება შსს-სთვის, არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნის შემცველი და დღესვე პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება. ასევე აუცილებლად უნდა იქნეს გამორკვეული ის საიდუმლო ბრძანება, რის საფუძველზეც მოხდა ამ შესყიდვების გაფორმება მიუხედავად იმისა, რომ მას შეეწინაღმდეგენ ის ადამიანები, ვისაც ამის შესრულება ევალებოდათ. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმ გვარებს,რომლებზეც ბატონი ბაჯელიძე საუბრობდა-ჩხენკელი, დანელია და ჯანყარაშვილი, რომლებსაც როგორც ბაჯელიძე ამბობს ჰქონდათ გარკვეული ინტერესი ან ჩართულობა. ამ საკითხზე აუცილებელია მათი გამოკითხვა რათა დადგინდეს სიმართლე და ნათელი მოეფინოს იმას, რომ კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობა ჰქონდათ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებს“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზურაბ აბაშიძის თქმით კი, ნიშანდობლივია ის მომენტი, რომ გადაცემაში ვრცელ ინტერვიუს იძლევა ”დელტაკომის” ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და რომ არა ღარიბაშვილი, ის ვერ მოაწესრიგებდა მის კომერციულ ინტერესებს.

”ეს საეჭვო და გამოსაძიებელია. ასევე ისიც, რომ მას არ უნდოდა კაბელების ტენდერში მონაწილეობა და იძულებული იყო მოეღო მონაწილეობა, რაც ასევე ბადებს ეჭვებს, რომ მათივე საჩივარი რის გამოც დაიწყო გამოძიება კაბელების საქმეზე არის სავარაუდოდ შეთხზული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.