როდესაც ვისმენთ განცხადებებს, რომ ბოკერიამ თავისი მომხრეები სცემა და შემდეგი საკუთარი თავი გაილახა, პოლიცია, არაფერს გამოიძიებს

როდესაც ვისმენთ განცხადებებს, რომ ბოკერიამ თავისი მომხრეები სცემა და შემდეგი საკუთარი თავი გაილახა, პოლიცია, არაფერს გამოიძიებს

იმ ფონზე, როდესაც ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომ სინამდვილეში ბოკერიამ თავისი მომხრეები სცემა და მეტი დამაჯერებლობისთვის შემდეგი საკუთარი თავი გაილახა, პოლიცია, რა თქმა უნდა, არაფერს გამოიძიებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინ სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნებისას მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას ისაუბრა.

ბაქრაძის თქმით, არც ერთი ის პირი, რომელიც მონაწილეობდა ”ნაციონალურ მოძრაობაზე” ძალადობაში, მიუხედავად მათი იდენტიფიცირებისა, არ დაუკავებიათ.

„ის ზონდერ ჯგუფი, რომელიც იქ იმყოფებოდა, დილიდან იყო მობილიზებული. მათ რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ კონფლიქტის გამოწვევის. იქ იყვნენ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც რამდენჯერმე დაუკავშირდნენ შს სამინისტროს და აფრთხილებდნენ, რომ უბანზე მოსალოდნელი იყო ძალადობა და პოლიციას გამოეძახა დამატებითი ძალები. არც ერთი დამატებითი პოლიციელი იქ არ მოსულა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ეს იყო არა ერთწუთიანი ჩხუბი, არამედ ეს იყო დაახლოებით 15-წუთიანი დაპირისპირება, როდესაც სამ სხვადასხვა ტალღად მოხდა ადამიანების ცემა.

„მთელ ამ პერიოდში იქ იმყოფებოდა 3-4 პოლიციელი, რომლებსაც ფიზიკურად არ ჰქონდათ საშუალება რამენაიარად შეეჩერებინათ ეს ჩხუბი. მას შემდეგაც რაც ჟურნალისტებმა გაავრცელეს კადრები, გვარებით, სურათებით, არ მომხდარა არც ერთი მათგანის დაკავება. ეს ადამიანები აგრძელებდნენ უბანზე ყოფნას. საღამოს მე თვითონ ჩავედი კორცხელში და შემიძლია პირადად დავადასტურო, რომ საღამოსაც ეს ჯგუფები მობილიზებულები იყვნენ უბნის სიახლოვეს, ან ”ოცნების” შტაბთან. არა თუ დაკავება არ მომხდარა მათი, არამედ ხელიც არ შეუშლია პოლიციას, რომ ეს ადამიანები გვიან ღამემდე არ ყოფილიყვნენ საარჩევნო უბნის სიახლოვეს, რადგან ქმნიდნენ საფრთხეს, რომ ამ ჯგუფის მხრიდან კიდევ მომხდარიყო დარბევა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ასეთ ფონზე განცხადებები, რომ მიმდინარეობს გამოძიება, არის არაადეკვატური და ცინიკური.

„ამ ფონზე, როდესაც ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომ სინამდვილეში ბოკერიამ თავისი მხარდამჭერები სცემა და მეტი დამაჯერებლობისთვის საკუთარი თავი გაილახა, პოლიცია რა თქმა უნდა, არაფერს გამოიძიებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.