ზაზა კედელაშვილი კახა კალაძის ბრალდებებს პასუხობს

ზაზა კედელაშვილი კახა კალაძის ბრალდებებს პასუხობს

”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ზაზა კედელაშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან მისი კავშირის შესახებ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის და უმრავლესობის წევრების ბრალდებებს ”სრულიად უსაფუძვლოს” უწოდებს.

ამასთან, როგორც კედელაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ”ქართულმა ოცნებამ” პროვოკაციის მოსაწყობად გუშინ სპორტსმენები გამოიყენა, რაც ამაზრზენად მიაჩნია.

”მე ზაზა კედელაშვილი, როგორც ყველა მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენი, ვემიჯნები და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას. თავს ვიკავებდი ვაი პოლიტიკანების ცილიმწამებლური კომენტირებისგან, თუმცა გუშინ მომხდარ ფაქტს და ჩემს მიმართ გამოთქმულ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე. მე როგორც ქართველს, ყოფილ სპორტსმენს, ამაზრზენად მიმაჩნია სპორტსმენთა გამოყენება მსგავსი სახის პროვოკაციებში, რაც ”ქართულმა ოცნებამ” გააკეთა სოფელ კორცხელში. ასევე მინდა ვთხოვო სამართლიანად აღშფოთებული საზოგადოების დიდ ნაწილს, თავი შეიკავონ მთლიანად სპორტული ოჯახის შეურაცხყოფისგან, რადგან ის მცირე ჯგუფი ხელისუფლების მიერ ზონდერ ჯგუფებად გამოყენებული სპორტსმენები ნამდვილად არ წარმოადგენენ ქართული სპორტული ოჯახის სახეს და მითუმეტეს, არ გამოხატავენ მათ აზრს. მე კი, ისე როგორც ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ვიდექი და ვდგავარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე”, - აცხადებს კედელაშვილი.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ”ნაციონალურ მოძრაობას” გუშინ სოფელ კორცხელში ”ზაზა კედელაშვილის ”ზონდერდაჯგუფება” ჰყავდა ჩაყვანილი და ამის მტკიცებულებებს, მათ შორის ფოტო სურათებს ისინი მოგვიანებით წარადგენენ.