რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ყოფნის გაფართოება - მიზეზია იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო რუსეთის საზღვრებისკენ ფართოვდება.
„ეს იწვევს შეშფოთებას მოსკოვში და ამავდროულად, ეს არის მიზეზი იმისთვის, რომ მოსკოვმა პროგნოზირებადი, თანმიმდევრული და გეგმური ნაბიჯები გადადგას საკუთარი ინტერესების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი შეფასებით, ნატო კონფრონტაციის ხანის პროდუქტია.
„ნატო არის კონფრონტაციის ხანის პროდუქტი, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კონფრონტაციისთვის იყო შექმნილი. სადავოა, რამდენად შეუძლია კონფრონტაციისთვის შექმნილ ინსტრუმენტს წვლილის შეტანა ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა პესკოვმა.