საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, კორცხელში მომხდარი ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები პარტია “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და წევრები არიან.
აღნიშნულის კონტექსტში, მისი თქმით, არარელევანტურია კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ იყო მხარდამჭერი საარჩევნო უბანზე.
“ძალადობრივი გზით არჩევნების ჩატარება “ნაციონალური მოძრაობის” მახასიათებელი - ბუნებრივი, თანამდევი სტილია. ჩვენ ვემიჯნებით და ცალსახად ვამბობთ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. გამოძიება დაწყებულია და ეს იმის პირველი ნიშანია, რომ რეაგირება მოხდა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენი ამოცანა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა. “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება იმ ტიპის არჩევნების სცენარი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა”, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა.
ბესელია კორცხელში მომხარ დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის” პროვოცირებულად აფასებს და აცხადებს, რომ “არსად მომხდარა მსგავსი ინციდენტი, გარდა იმ ერთი უბნისა, სადაც ბოკერია და მისი რაზმი იმყოფებოდა“.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა გადანაწილდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ინციდენტის წამქეზებელი, დამწყები და მონაწილე იყო.
“როდესაც ვლაპარაკობთ სამეგრელოს რეგიონზე, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული იმ ძალადობრივი, რეპრესიული სისტემის მიერ და როდესაც მსხვერპლი მოძალადეების წარმომადგენელს ხვდება, წინასწარვე დაძაბული, საკმაოდ მაღალი ემოციური ფონია შექმნილი და აქ სიფრთხილეა საჭირო. როდესაც მოძალადეები მსხვერპლს მაპროვოცირებლად ექცევიან, ეს დაპირისპირების რისკს ზრდის”, - აღნიშნა ბესელიამ.