პრეზიდენტს შეუძლია ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს

პრეზიდენტს შეუძლია ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს

საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განუცხადა.

ქორიძის განმარტებით, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება მსჯავრდებული პირდაპირ შეიწყალოს და ამის საფუძველი პატიმრის განცხადება ან თუნდაც პეტიცია გახდეს.

”კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ შეწყალების გადაწყვეტილების მიღების უფლება და პრეროგატივა აქვს მხოლოდ პრეზიდენტს. პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს განცხადება, შეიძლება მიიღოს პეტიცია და ამის საფუძველზე იმოქმედოს, შეიძლება ყოველგვარი კომენტარის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალებაზე, რისი უფლებამოსილებაც პრეზიდენტს გააჩნია და მას შეუძლია საზოგადოებას განუმარტოს, რატომ გამოიყენა ეს პრეროგატივა ახლა, ამ შემთხვევაში”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზვიად ქორიძემ.

რაც შეეხება შეწყალების კომისიის გავლით შეწყალების საკითხს, ზვიად ქორიძის თქმით, კომისიას აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დებულებით განსაზღვრული შეწყალების წესი და შესაბამისად იმისთვის, რომ შეწყალების კომისიაზე საქმე განსახილველად გავიდეს, გარკვეული პროცედურა უნდა იყოს გავლილი.

”უნდა იყოს ამოწურული ყველა სამართლებრივი მექანიზმი და თუ აქვს მსჯავრდებულს სურვილი, რომ მისი საქმე კომისიამ არსებითად განიხილოს, გასული უნდა იყოს გარკვეული ვადა საპატიმრო სასჯელიდან. თუ აქვს შეფარდებული სასჯელი 5 წლამდე, მაშინ გასული უნდა იყოს 1/3, 5 წელზე მეტის ან ორი მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულის შემთხვევაში კი, მას მოხდილი უნდა ჰქონდეს ნახევარი მაინც. ეს არის პროცედურები, რომელიც უკავშირდება შეწყალების კომისიის გზის გავლით, მსჯავრდებულის საქმის განხილვას, პრეზიდენტთან შეწყალებაზე”, - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, ”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას და პრეზიდენტისთვის მიმართვას გეგმავს.