შოთა ხაბარელი:   კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია

შოთა ხაბარელი: კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია

კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელმა განუცხადა.

ხაბარელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორცხელში არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების წევრი არ იმყოფებოდა.

”იქ არ იყო არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი. არც ერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი მე იქ არ მინახავს. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასული. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქ სპეციალურად მობილიზებული არ იყვნენ. რაც მოხდა, იყო პირდაპირი პროვოკაცია. თქვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდა ნიკა მელია. დაპირისპირება მისი მხრიდან დაიწყო, ეს ადამიანები წამოეგო პროვოკაციაზე და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მომხდარი დასაგმობი ფაქტია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხარი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს შოთა ხაბარელმა.

კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

შეტაკების შედეგად დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.