რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, რესპუბლიკელ მინისტრებს თანამდებობებიც უნდა დაეტოვებინათ. ამის შესახებ ჯავახიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ჯავახიშვილი აცხადებს, რესპუბლიკელი მინისტრებისთვის თანამდებობების დატოვების მოთხოვნა არავის წაუყენებია, თუმცა მორალური თვალსაზრისით, მათი მხრიდან ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა.
”მორალური თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ რესპუბლიკელები თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მსგავსი მოთხოვნა მათთვის არც წაგვიყენებია... მეტიც, პირადად მე, გიგლა აგულაშვილთან თუ სხვასთან წინააღმდეგობა არ მაქვს, თუმცა, როდესაც კოალიციიდან გადიხარ, მორალურად ასეა, თანამდებობიდანაც უნდა გადადგე. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ ამის არ გვეშინია - მაინც გავიმარჯვებთ”, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.