თურქეთი „ერთი ადამიანის სახელმწიფოს“ შექმნის გზაზე დგას. ასეთი განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა გერმანულ გამოცემა Kölner Stadt-Anzeiger-თან საუბარში გააკეთა.
მარტინ შულცის შეფასებით, თურქეთი „ევროპული ფასეულობების გზას აცდა“.
„კანცლერმა, ასევე სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა მკაფიოდ უნდა განუცხადონ თურქეთის პრეზიდენტს, რომ მისი პოლიტიკა ევროპულ ფუნდამენტალურ ფასეულობებს არ შეესაბამება და ამგვარად, ის არამცთუ არ უწყობს ხელს მოლაპარაკებებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, არამედ ამას შეუძლებელს ხდის“, - განაცხადა მარტინ შულცმა.
დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანს შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ლტოლვილთა შესახებ ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა.
მარტინ შულცის მოსაზრებით, თურქეთთან მიგრაციული კრიზისის მიმართულებით თანამშრომლობა აუცილებელია.
„ჩვენ კარგი შეთანხმება გვჭირდება, ამიტომ თურქეთთან მუშაობას გავაგრძელებთ. თუმცა დუმილის უფლება აღარ გვაქვს“, - განაცხადა მარტინ შულცმა.