“ხელისუფლების მაღალი რანგის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ისეთ პროვაკაციას, რომ...”

“ხელისუფლების მაღალი რანგის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ისეთ პროვაკაციას, რომ...”

რა უფრო მნიშვნელოვანია თეთრი სახლისათვის: ირანი თუ არჩევნები საქართველოში?
- აშშ-სთვის ორივე თემა, როგორც ჩანს, ერთი ლოგიკური ჯაჭვშის ნაწილია, რადგან საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ხაზგასმით პროამერიკული ორიენტაცია აქვს. სწორედ ამიტომ, თეთრი სახლი საქართველოში ახალ ელჩს, მაღალი რანგის დიპლომატ რიჩარდ ნორლანდს აგზავნის, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბატონი ნორლანდის პოლიტიკური მოღვაწეობის, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მთავარი აქტივი საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებული საკითხებია _ გორბაჩოვის ეპოქაში ამ თემაზე პენტაგონში მუშაობდა. პუტინის დროს კი ხელი, როგორც ჩანს, დანგრეული საბჭოთა კავშირის მკვდრეთით აღდგომას უნდა შეუშალოს. ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში ზაფხულში ჩამოვა, მაგრამ მისი პერსონის გარშემო ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში აჟიოტაჟი უკვე ატყდა _ 21 მარტს, აშშ-ის სენატში გამოსვლისას, რიჩარდ ნორლანდმა გამოთქვა აზრი, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის როლი დიდ შეშფოთებას იწვევს როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებაში... როგორ და რა სცენარით განვითარდება მოვლენები საქართველოში და რა როლი მიენიჭება ირანის ფაქტორს კავკასიაში? “ქართული სიტყვა” კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

- აშშ-ის ახალი ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთა “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის საინიაციატივო ჯგუფის წევრმა მაია ფანჯიკიძემ. მათი განცხადებით, თეთრი სახლის სიმპათიები ოპოზიციისაკენ იხრება. ბატონო მამუკა, მოკლედ რომ ვთქვათ, ვაშინგტონს არ უნდა, რომ “ნაციონალები” ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვიდნენ?
_ აშშ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ძალიან დიდ ინვესტიციას დებს და სურს, რომ არჩევნების შედეგი ხალხის ინტერესების გამომხატველი იყოს. ნორლანდმა სენატში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა: “აშშ ხარჯავს მილიონობით დოლარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების კანონის უზენაესობის, დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ყურადღებით უნდა განვკარგოთ ეს თანხები, რათა დარწმუნებული ვიყოთ, სასურველი შედეგის მიღებაში.” მოკლედ, თეთრი სახლის ინტერესებშია, რომ საქართველო მისი პოლიტიკური მხარდამჭერი იყოს და ამისათვის საჭიროა, რომ მომავალი არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავდეს, რათა არ მოხდეს უკმაყოფილება და დაპირისპირება საზოგადოებაში, რაც ავნებს საგარეო პოლიტიკას. ნორლნდმა ღია მესიჯები გამოგზავნა და თეთრი სახლის პოზიციაა, რომ სოციალურ-ეკონომიკური საკითხები მოგვარდეს _ დენი, გაზი, წყალი, დასაქმება და ა.შ. ერთი სიტყვით, ადამიანები კმაყოფილები უნდა იყვნენ სოციალური პირობებით.
რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ კურს, იგივე დარჩება _ საქართველო დასავლეთის და, კერძოდ, აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას გააგრძელებს და ეს თეთრმა სახლმაც იცის.

- გამოდის, დასავლეთს ხელისუფლების შეცვლა საქართვე;ლოში აწყობს, ანუ “ნაციონალები” უმრავლესობით აღარ უნდა იყვნენ?
_ აშშ-ს, რა თქმა უნდა, არ უნდა, რომ მთლიანად შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან სახელისუფლო გუნდში მათ ჰყავთ დასავლური ორიენტაციის ერთგული გამტარებლები და ამ ადმიანებს თეთრი სახლში ნდობის მანდატი აქვთ. პირდაპირ გეტყვით, საქართველო აშშ-ის პარტნიორი ქვეყანა იყო და ასევე დარჩება იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა “ნაციონალები” უმრავლესობაში. ეს თეთრმა სახლმა იცის და, რა თქმა უნდა, არჩევნების გამჭირვალობის მომხრეა. არჩევნების შემდეგაც, სახელისუფლო გუნდიდან ბევრი დარჩება თუ საქმე, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე მივა. ახლო აღმოსავლეთში დაძაბული სიტუაციაა და, დღეს თუ არა ხვალ, აშშ დიდ “გარჩევებს” დაიწყებს ირანში, რათა პოლიტიკური ტემპერატურა დაწიოს და ფეთქებადი სიტუაცია განმუხტოს, თუნდაც - დროებით. აშშ-ს არ აწყობს მწვავე პოლიტიკური დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, არ უნდა, ომი რომ დაიწყოს და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.

- აშშ ღიად აცხადებს, რომ არ უნდა ომი ისრაელსა და ირანს შორის, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ქვეყანა მის აზრს არ იზიარებს. გამოდის, ომი გარდუვალია?
- ირანში იმდენად დაძაბული სიტუაციაა, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის პირასაა. ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხომეინსა და პრეზიდენტ მაჰმუდ ახმადინეჯადს შორის ურთიერთობა მწვავე ფაზაში გადავიდა. აიათოლას თავის შეიარაღებული არმია ჰყავს. მართალია, ამას არმია არ ჰქვია და თავს ისლამის დამცველებს ეძახიან, მაგრამ აითოლას ბრძანებით, მათ ახმადინეჯადის გარემოცვის რამდენიმე წევრი დააპატიმრეს. აითოლას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და, ფაქტობრივად, მის ხელშია ირანის მომავალი. იგი მოუწოდებს ირანს, გაანადგუროს ისრაელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში რომ იყო, სწორედ ამ თემებზე საუბრობდა აშშ-ის პრეზიდენტთან. ნეთანიაჰუ გამოუვალ მდგომარეობაშია - შესაძლოა, აიათოლას მოწოდებებმა შედეგი გამოიღოს და ირანმა ომი დაიწყოს ისრელთან, ისრაელი მზად უნდა იყოს, ან დაასწროს ირანს. აშშ-ის ეს ომი არ აწყობს, ყოველ შემთხვევაში, - ჯერჯერობით. თეთრი სახლი ცდილობს, თვითონ ირანში არიოს სიტუაცია იგივე სცენარით, როგორითაც ლიბიაში არია. ჯერ ეგვიპტე, მერე, _ ლიბია, ახლა _ სირია და პოლიტიკური ვექტორი უკვე იარნისკენ მიდის.

- თუ ირანში სამოქალაო ომი დაიწყო, ეს, პირველ რიგში, ვის აწყობს?
- თუ იმ სცენარების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლებიც ეგვიპტესა და ლიბიაში განვითარდა, გამოდის, რომ დასავლეთს აწყობს ირანში სამოქალაო ომი, მაგრამ ირანში სხვაგვარად მიდის საქმე, იქ ერთმანეთს უპირისპირდებიან ირანის სულიერი ლიდერი და პრეზიდენტი. ცნობილია, რომ 300-მდე დეპუტატმა ირანის პრეზიდენტს წერილი მისწერა და ახმადინეჯადისაგან მოითხოვა, მოუსმინოს და ანგარიში გაუწიოს აითოლა ხომეინს. ახლო აღმოსავლეთის მთელი რეგიონი, სამხრეთ კავკასიის ჩათვლით, დაძაბულია და, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობისათვის ემზადება: პაკისტანმა აზერბაიჯანს შესთავაზა ბირთვული ქვეყნების რიგებში გაერთიანდეს. მოგეხსენებათ, პაკისტანი რვიანის წევრია. “კავკაზ 2012”-ი სტრატეგიულ, ხაზს ვუსვამ, სტრატეგიულ მზადყოფნაშია და არა - ტაქტიკურ მზადყოფნაში. ეს კი იმას ნიშნავს, საომარ მდგომარეობაშია და ბრძანებას ელოდება.

- ბატონო მამუკა, ისევ არჩევნებს მინდა დავუბრუნდე, ზემოთ თქვით, არჩევნებამდე თუ მივედითო. ამ ფრაზაში რა იგულისხმეთ?
- არაა გამორიცხული და დიდი ალბათობაა, რომ არჩევნებამდე ვერ მივიდით იმიტომ, რომ ხელისუფლების ზოგიერთ პერსონას უკვე აღარ აწყობს სამართლიანი არჩევნები. საზოგადოება ითხოვს სამართლიან არჩევნებს. საზოგადოებას მხარს უჭერს ვაშინგტონი და მთელი დასავლეთი. თუ არჩევნები სამართლინი იქნება, ცხადია, “ნაციონალები” უმრავლესობით ვერ მოვლენ. ხელისუფლების მაღალი რანგის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ისეთ პროვაკაციას, რომ არჩევნები ვერ, ან არ ჩატარდეს.