კორცხელის საარჩევნო უბნების შედეგების მიხედვით, ზუგდიდში ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ”ქართული ოცნების” კანდიდატს 10 ხმით მოუგო

კორცხელის საარჩევნო უბნების შედეგების მიხედვით, ზუგდიდში ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ”ქართული ოცნების” კანდიდატს 10 ხმით მოუგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა. 

ოფიციალური შედეგებით, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, ”ქართული ოცნების” კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.

საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადებას ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მხარდამჭერები სოფელ კორცხელში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოვაციებით შეხვდნენ. ვარადებულ ლაშხიას არჩევნებში გამარჯვება "სკაიპით" მიულოცა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

”გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას. დღეს არის შემობრუნება მთელი საქართველოსი. პირველად 2012 წლის შემდეგ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა სერიოზული გამაჯრვება, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ყველაფერი შემობრუნდა და დაუბრუნდა სწორ გზას. ეს არის ხალხის დამსახურება. იგივე რაღაც სცადეს, რაც 2003-ში, როცა ნიღბებიანი ხალხი მოიყვანეს, მაგრამ ხალხს არ შეეშინდა და უფრო ბევრი ხალხი მოვიდა”, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა გამარჯვებულ კანდიდატს.

თავის მხრივ, ვარადებულ ლაშხიამ აღნიშნა, რომ გამარჯვებას ელოდა, რადგან 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერი გააკეთა.

სოფელ კორცხელში სულ 2 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცესი იქ გუშინ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

რაც შეეხება სხვა ოლქების შედეგებს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 9 საარჩევნო ოლქიდან 7-ში გამარჯვება ”ქართულმა ოცნებამ”, 2-ში კი ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა.