"ინტერპრესნიუსმა" გუშინ გაავრცელა საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრიეს მოადგილის, ნინო კალანადძის განხცადება დიტერ ბოდენთან დაკავშირებით. დღეს კი, "ინტერპრესნიუსი" საქართველოში ეუთო-სა და გაერო-ს მისიების ყოფილ ხელმძღვანელს, გერმანელ დიპლომატ დიტერ ბოდენს ესაუბრა.
- ბატონო დიტერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ უარყო ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მარშალისა და ბოშის ფონდების თბილისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, თქვენი საქართველოში ჩამოსვლა დაბლოკა. თქვენ რას იტყოდით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით?
- შემიძლია გითხრათ ის, რომ დაგეგმილი იყო მარშალისა და ბოშის ფონდების ერთობლივი ვიზიტი თბილისსა და სოხუმში. თბილისში გაიგზავნა დელეგაციის შემადგენლობის სია, მაგრამ ქართულმა მხარემ განაცხადა - იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციის შემადგენლობაში ვიქნებოდი მე და გერმანული ბუნდესტაგის კიდევ ერთი დეპუტატი, თბილისი დელეგაციას არ მიიღებდა. ასე რომ, საუბარი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩემი პიროვნების დაბლოკვაზე.
- შეგიძლიათ დააზუსტოთ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის ვინაობა?
- ახლა არ შემიძლია. სამწუხაროდ, თან არა მაქვს დელეგაციის შემადგენლობის სია. მაგრამ, თქვენ გერმანელი დეპუტატის ვინაობა შეგიძლიათ საქართველოში გერმანიის საელჩოში დააზუსტოთ.
- ბატონო დიტერ, ძნელი დასაჯერებელია, რომ არ გახსოვდეთ დეპუტატის გვარი, რომელთან ერთადაც თბილისსა და სოხუმში უნდა ჩამოსულიყავით . . .
- არა, საქმე მხოლოდ იმაშია, რომ არ მინდა, არასწორი გვარი მოგაწოდოთ და შეცდომაში შეგიყვანოთ.
- ქალბატონი კალანდაძე თქვენ ბრალს გდებთ იმაში, რომ საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლება მესამე რაიხს შეადარეთ, არარეალისტურად მიგაჩნიათ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომ თქვენ საქართველოს მოუწოდებთ, აღოაროს თავის მტრებთან და მსხვერპლთან დაკავშირებული შეცდომები. რას იტყვით ამ ბრალდებებზე?
- ეს ბრალდებები დაუსაბუთებელია. ჩემი აზრით, ქალბატონ კალანდაძის ბრალდებები აშკარად გამოგონილია, კერძოდ - თითქოს საქართველო ნაცისტურ გერმანიას შევადარე. ამაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია. არანაირი მტკიცებულობები იმისა, რომ მე ამგვარი რამ მაქვს ნათქვამი, არ არსებობს. საერთოდ, ჩემთან საქართველოს ხელისუფლებიდან არავის არ უსაუბრია. ისინი ჩემზე კი საუბრობენ, მაგრამ ჩემთან საქართველოს მთავრობიდან არავის უსაუბრია. ეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ მე თბილისში გახლდით.
- იძულებული ვარ, ევროპულ სახლში თქვენი გამოსვლიდან ციტატა შეგახსენოთ, კერძოდ, - "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არანაირად არ არის დამოკიდებული რუსეთის გავლენაზე. მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, აფხაზეთსა და ოსეთს საქართველოში დაბრუნება არ მოუნდებათ. ამაზე ფიქრი ილუზიაა". თქვენ საქართველოში მრავალი წლები საქმიანობდით და მეგონა, კარგად გესმოდათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში რუსეთის არა მარტო გავლენა, არამედ როლი და მიზნები. თქვენ თბილისში რომ მუშაობდით ამ საკითხებზე, ასეთივე აზრი გქონდათ?
- საერთოდ, მე უნდა გითხრათ, რომ ეს ციტატა სიზუსტისაგან შორს არის. როდესაც ჩემს მიმართ ამგვარი ბრალდებები გაჩნდა, მე ჩემს კოლეგებს ვურჩიე, ენახათ თბილისის ევროპულ სახლში ჩემი გამოსვლის ჩანაწერი. თქვენც იმავეს ე გთავაზობთ. თუ თქვენ ამ ჩანაწერებს ნახავთ, თავად დარწმუნდებით, რომ ამის მაგვარი რამაც არ მითქვამს. ჩემი აზრით, შესაძლოა, ეს ერთი ჟურნალისტის მოსაზრებები იყოს, რომელმაც ალბათ ბოლომდე ვერ გაიგო, რაზეც ვსაუბრობდი.
- მიუხედავად ამისა, თბილისის ევროპულ სახლში თქვენი გამოსვლიდან კიდევ ერთი ციტატა უნდა შეგახსენოთ. "საქართველო იძულებული იქნება, გაითვალისწინოს, რომ რუსეთი არსად არ წავა, ამიტომ მიზანშეწონილია, მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებები ჟენევის დისკუსიების პარალელურად არაფორმალურ ფორმატში დაიწყოს." არც ეს ციტატაა სწორი?
- მე ისევ იძულებული ვარ, ჩანაწერის ნახვა გთხოვოთ. გარწმუნებთ, ეს ამონარიდიც კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ამ თემებზე საუბარი ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვანდა და, რაც მთავარია, თემას აგვაცდენდა. უბრალოდ ვამბობ, ქალბატონ კალანდაძის ბრალდებები იმის გამოა დაუსაბუთებელი, რომ ამგვარი რამ არასოდეს არ მითქვამს. ორი კვირის წინ გახლდით თბილისში, მაგრამ ამ თემებზე ჩემთან საქართველოს მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ უსაუბრია. ორი კვირის წინ თბილისში გამართულ ერთ-ერთ დისკუსიას, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, ბატონი ბოკერია ესწრებოდა. ამ შეხვედრაზე მას ჩემთვის მსგავსი არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. მე ახლაც მზადა ვარ, ვესაუბრო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რათა ამ საქმეში გავერკვე. ცალმხრივი ბრალდებები არის გზა არსაით, განსაკუთრებით თუ ისინი დაუსაბუთებელია.
- თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის არაფორმალური მოლაპარაკებების დღის წესრიგი ვითარებაში, როცა მოსკოვი თბილისისაგან რეალობის აღიარებას, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან შეგუებას სთავაზობს?
- მე ახლა არ შემიძლია ვისაუბრო იმ საქმეებზე. ამ საქმით დაკავებული უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ამის კეთება ევალება. ახლა მე არანაირი ოფიციალური სტატუსი არა მაქვს. ვითარებაში, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ჩემი აზრით, სასურველია, რომ დიპლომატიამ სწორედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენაზე იმუშავოს.
ჩემი აზრით, რეგიონის პრობლემების გადასაწყვეტად სასურველი იქნებოდა რუსეთსა და საქართველოს მათ შორის არაფორმალურ მოლაპარაკებათა დასაწყებად კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ.