კახა კალაძის ინფორმაციით,

კახა კალაძის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კანდიდატები ყველა უბანზე დამაჯერებლად ლიდერობენ

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკაონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები საარჩევნო გარემოს ძაბავს.

აღნიშნული განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ ყველა უბანზე.

"მოგეხსენებათ დღეს საქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება. პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ ყველა უბანზე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია, რა თქმა უნდა, საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკაონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს.

ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში.

საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც 2102 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებული ყველა არჩევნები",- განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.