რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ

რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ

იმის გამო, რომ წყალტუბოს საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი და პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ისინი დაკვირვების პროცესში სხვადასხვა კითხვებს სვამდნენ, კომისიის მუშაობა ოდენავ შეფერხდა და უბანი 10-15 წუთით გვიან გაიხსნა, - ასე ხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისია სოფელ წყალტუბოში საარჩევნო პროცესის დაგვიანებით დაწყების მიზეზს.

”საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო უბანი 07:00 საათზე იხსნება როგორც კომისიის წევრებისათვის, ასევე პოლიტიკური პარტიების სუბიექტების წარმომადგენლებისთვის, დამკვირვებლებისთვის, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. 07:00 საათიდან 08:00 საათამდე კენჭისყისყრის წინა პროცედურები მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ ბევრი პროცედურა - არის წილისყრის პროცედურა, როდესაც კომისიის წევრებს შორის სხვადასხვა ფუნქციის გადანაწილება ხდება, მათ შორის სხვადასხვა მასალის გადანაწილება. ვინაიდან საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იმყოფებოდა, ასევე საკმაოდ ბევრი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი და ისინი დაკვირვების პროცესში სხვადასხვა კითხვებს სვამდნენ, სწორედ ამიტომ კომისიის მუშაობა ოდენავ შეფერხდა და უბანი 10-15 წუთით გვიან გაიხსნა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქალაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, წყალტუბოს ერთ-ერთი საარჩევნო უბნის გარეთ ”ქართული ოცნების” კოორდინატორის მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემის შემთხვევის შესახებ, ამასთან დაკავშირებით ცესკოს სპესსპიკერი განმარტავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვაზე მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ”ის, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, მასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ და მოიძიონ ინფორმაცია”, - აღნიშნა მან.

სოფელ წყალტუბოში მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიან: ბუხუტი ფირცხალავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ივანე როყვა (ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები) და მურადი ზაქარიაძე (ქართული ოცნება).