სამეგრელოში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

სამეგრელოში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

სამეგრელოში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სოფელ კორცხელში საკრებულოს წევრობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის, „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „თავისუფალი საქართველოდან“.

კორცხელში სულ 2 საარჩევნო უბანია, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 1980-ია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, კორცხელის #53-ე უბანი დაგვიანებით გაიხსნა. თუმცა #67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ პროცედურები დროულად დაიწყო.

ბრალდებები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, კორცხელში ხელისუფლებამ კუნთმაგარი ბიჭები მოიყვანა. თუმცა მათი პარტია პროვოკაციას არ წამოეგება. „ჩვენ შეგვიძლია როგორც ხმების მოპოვება, ასევე ხმების დაცვა“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

ამ დროისთვის უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება. შუალედური არჩევნები ტარდება ხობის რაიონის სოფელ ყულევშიც, სადაც ერთადერთი საარჩევნო უბანია, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი - 244. ყულევში საკრებულოს წევრობისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იბრძვის. ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დავით ჯობავას განმარტებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.