მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე, დაიწყებს. 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. 

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა. 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა. 
დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია ასევე მე-6 საუკუნეში მოღვაწე წმინდა შიო მღვიმელის მიცვალების დღეს აღნიშნავს.