45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 9 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება. 

არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენს. 

არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” 9 კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, ”ნაციონალურ მოძრაობას” - 3, ხოლო ”თავისუფალ დემოკრატებს” - 1. მიქელაძის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. 
“თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია: საარჩევნო ბიულეტენები, მათ შორის, ორენოვანი ბიულეტენები (5 750) აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, ასევე გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის. საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ყველა ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“, - აცხადებენ ცესკოში. 

მათივე ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge. 

22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 – ”თავისუფალი საქართველო”; №5 – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; №33 – ”ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები”; №24 – ”სახალხო ხელისუფლება”; №41 – ”ქართული ოცნება”; არჩევნებში ასევე მონაწილეობს ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში.