„რესპუბლიკური პარტიის“ სახით ყველა სხვა პარტიას ჰყავს საკმაოდ საინტერესო კონკურენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ 38 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე განუცხადა.
დავით უსუფაშვილმა ყველა „რესპუბლიკელს“ და პარტიის მხარდამჭერს იუბილე მიულოცა.
„განსაკუთრებით მათ ვულოცავ პარტიის 38 წელს, ვისაც „რესპუბლიკური პარტია“ მაინცდამაინც არ მოსწონს იმიტომ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახით ყველა სხვა პარტიას ჰყავს საკმაოდ საინტერესო კონკურენტი და ეს არის მრავალპარტიულობისთვის აუცილებელი ამბავი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მოხარულია, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას თავისი მნიშვნელოვანი კვალი უკვე დაამჩნია.
„წინ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, მოქალაქეებს და „რესპუბლიკელები“ ვიქნებით ყოველთვის აქტიურები. მინდა ვისურვო, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი იყოს მართლა პარტია - პარტია, რომელსაც შეუძლია მძიმე წუთებშიც პარტიად ყოფნა. შეუძლია ხელისუფლებაში, ოპოზიციაში ყოფნა. შეუძლება იყოს ძალიან ხშირად არც თუ პოპულარული იდეების მხარდამჭერი”, - აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ”როდესაც პარტია შეიქმნა და „თავისუფალი საქართველო“ დააწერა თავის მანიფესტს, მაშინ ეს წინადადება არაპოპულარული იყო და ისჯებოდა კიდეც კანონმდებლობით”.