თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტის სასახლეში გამართულ სატელევიზიო პროექტ „ეტალონის“ ფინალურ შოუ-კონკურსს დაესწრო.
დავით ნარმანიამ სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა. თბილისის მერის თქმით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემა „ეტალონი“ ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლებისა და წიგნის პოპულარიზაციას, მოტივაციის გაძლიერებას, სწორედ ამიტომ აღნიშნული პროექტი აქტუალობას წლების შემდეგაც არ კარგავს. მისივე თქმით, ეტალონი უნდა იქცეს მაგალითად და შეიქმნას არაერთი მსგავსი სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი, თბილისის მერია კი აღნიშნული პროექტების აქტიური მხარდამჭერი იქნება.
თბილისის მერიას "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა "ეტალონის ქომაგის" ტიტული მიანიჭა და შესაბამისი სიგელი დავით ნარმანიას გადასცა. „ეტალონის“ ფინალურ კონკურსში თბილისის 10-ვე რაიონსა და ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების 82 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.