ზვიად კვაჭანტირაძე ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს ”უსინდისო სპეკულაციას” უწოდებს

ზვიად კვაჭანტირაძე ხურჩაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს ”უსინდისო სპეკულაციას” უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებას ”უსინდისო სპეკულაციას უწოდებს”.

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, იდენტიფიცირებულია ის პიროვნება, ”რომელმაც ასეთი ვერაგული მკვლელობა ჩაიდინა”.

”ეს არის გამოძიების საგანი. აბსოლუტურად უსინდისო სპეკულაციაა ის, რასაც დღეს ჩვენი ოპონენტები აცხადებენ. ადგილობრივ მოსახლეობასაც რომ ჰკითხოთ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო, ვიდრე ეს უბედურება მოხდებოდა. ძალიან კარგია, რომ იდენტიფიცირებულია ის დამნაშავე, რომელმაც ასეთი ვერაგული მკვლელობა ჩაიდინა. არ დაგვავიწყდეს, ეს ჯერ კიდევ კონფლიქტის ზონაა. საუბედუროდ, მოხდა ასეთი ძალიან ცუდი ფაქტი და ძალიან კარგი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ აქედან ისეთი დასკვნების გაკეთება, რომ ხელისუფლება რაიმეს სათანადოდ არ აკეთებს, არის სპეკულაცია და მეტი არაფერი”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

რაც შეეხება ”ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, კვაჭანტირაძის განცხადებით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

”უშიშროების საბჭოს აქვს გაწერილი ძალიან სერიოზული ვალდებულებები. თუ პრეზიდენტი საჭიროს ჩათვლის, რომ მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ეს მისი პრეროგატივაა და მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.