საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები ”გასაორმაგებელია თუ არა გასასამმაგებელი”.
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის დანაშაული, რომელზეც ადრე თუ გვიან სამართალი აუცილებალად იქნება დამდგარი.
”არის ისეთი საკითხები, რომლებიც კვლავ პოლიტიკური სპეკულაციების არეალშია გახვეული, თუ რატომ განცხადებები არ კეთდება. განცხადებები სათანადოდ კეთდება და მუშაობაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს”, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ოკუპაცია არ უნდა დაშვებულიყო და ამის რესურსი სააკაშვილის ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა.
”ნებით თუ უნებლიეთ, უნებლიეთ თუ ნებით დაშვებული იქნა ასეთი შეცდომები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ურთულესი საკითხია. რუსეთსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, როგორც რეალური ფაქტიური ხელმძღვანელობის განმხორციელებელს და დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა იქნას დაკავებული, როგორ და რა ფორმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოისხნება”, - განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, რამდენად დაცულია ადგილზე უსაფრთხოების ზომები, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ”ეს ისეთი შეკითხვაა, რაზეც, ალბათ, სპეციალისტების თუ შესაბამისი სტრუქტურების პასუხები იქნება უფრო საინტერესო”.
”მაგრამ რასაკვირველია, უსაფრთხოების თემა თუ რეზულტატით ვიმსჯელებთ, კიდევ გადასახედია, გასაორმაგებელია თუ არა გასასამმაგებელი”, - განაცხადა ვოლსკიმ.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.