დავით კოღუაშვილს დიდი პაუზა ჰქონდა პოლიტიკაში აღებული და არ გაითვალისწინა, რომ ჟურნალისტებთან მიმართებაში, სიფრთხილე აუცილებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, მან დავით კოღუაშვილის დაუსწრებლობის მიზეზი არ იცის. მასთან შეკითხვები პოლიტსაბჭოს წევრებს ჰქონდათ.
”პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკმაოდ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც დავით კოღუაშვილმა მისცა ერთ-ერთ ოპოზიციურ გაზეთს. მე მგონი ისიც არ იცოდა, თუ ეს გაზეთი ოპოზიციური იყო. ჩემი დაკვირვებით, დავით კოღუაშვილს დიდი პაუზა ჰქონდა პოლიტიკაში აღებული და მე მგონი, არ გაითვალისწინა, რომ განსაკუთრებულად ჟურნალისტებთან მიმართებაში, სიფრთხილე აუცილებელია”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ერთმნიშვნელოვნად ეთანხმება პრემიერ-მინისტრის შეფასებებს ამ თვალსაზრისით.
”ვიცნობ რა დათო კოღუაშვილს დიდი ხანია, მე ვფიქრობ, რომ კოღუაშვილი კიდევ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის შთაბეჭდილება, რომელიც დარჩა იმ ინტერვიუდან, საზოგადოებას მასთან მიმართებაში აუცილებლად შეეცვლება. მას ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და ვფიქრობ, რომ მან დაუშვა შეცდომა და ამის გამოსწორების საშუალება მიეცემა”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია, თუმცა ფრაქცია ”ქართული ოცნების” შეხვედრას დაესწრო.
”ბატონი ბიძინა დავპატიჟეთ ფრაქციის სხდომაზე და მნიშვნელოვანი იყო მისი აზრების მოსმენა. იგი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ბატონ ბიძინას აზრის, რჩევა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ და დასძინა, რომ ივანიშვილმა საკუთარი აზრი კოღუაშვილზეც და თამაზ მეჭიაურზეც გამოთქვა.
”იყო საკმაოდ გულახდილი საუბარი”, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.