პარტია ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრი მამუკა მდინარაძე პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი ახალი წევრის, დავით კოღუაშვულის განცხადებებს ”კონტექსტიდან ამოგლეჯილს” უწოდებს.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კოღუაშვილი თავად გააკეთებს განცხადებას.
”გუშინ რამდენიმე კომენტარი გავაკეთე კოღუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. როგორც ვიცი, მან გარკვეული განცხადება გააკეთა და კვლავ გააკეთებს", - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას კოღუაშვილის გარდა კიდევ რამდენიმე წევრი არ ესწრებოდა.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, მდინარაძის თქმით, ისაუბრეს საორგანიზაციო საკითხებზე.
”ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა”, - განმარტა მან.
კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი საარჩევნო სიებზე, მდინარაძის თქმით, ”ეს არის მომავლის საქმე”.