მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
იზორია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც დაღუპულ გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.
”პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა თითოეული ჩვენგანისთვის და მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს”, - განაცხადა იზორიამ.
სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი ტრაგიკული ფაქტის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ.
”ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი, სამწუხაროდ, ამ ფაქტს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როცა ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს თითქოსდა ადგილი არ ჰქონია. მართლაც, 2012 წლიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა 2008 წლიდან, სამწუხაროდ, ათეულობით გახმაურებულ ფაქტს ჰქონდა ადგილი,რომელიც ლეტალური შედეგითაც დასრულდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ პატრულირება და ვახორციელებთ ამ პროცესს დღესაც. პატრულირება უფრო გაძლიერებულად იქნება მომავალში“ - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.
იზორიას თქმით, ქართული მხარე როგორც ჟენევის, ისე IPRM -ის ფორმატში, მკვლელობაში დამნაშავის უმკაცრესად დასჯის საკითხს დააყენებს.
„თქვენ იცით, რომ ახლო მომავალში, IPRM -ი ჩატარდება გალში, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ. გუშინ მე მქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა, სადაც ვთქვი, რომ პირველი საკითხი და მოთხოვნა, რაც ჩვენი მხრიდან იქნება გაჟღერებული, იქნება დაკავშირებული სწორედ იმასთან, რომ დამნაშავე, რომელიც უკვე დადგენილია იქნას უმკაცრესად დასჯილი. ასე რომ, ჩვენ ყველანაირ ფორმატს, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ IPRM, გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა, მანამ, სანამ ის არ შესრულდება, მუდმივად დავაყენოთ”, - აღნიშნა იზორიამ.
სუს-ის ხელმძღვანელის კომენტარს ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.