წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის №24-სა და №36 -ში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ასფალტის საფარი 1 720 კვადრატულ მეტრზე დაიგო. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე ხნის წინ მოეწყო საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ გეგმებზე სასაუბროდ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ამ კერძო დასახლებაში წლების მანძილზე არ არსებოდა საკანალიზაციო სისტემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საკანალიზაციო სისტემის გაკეთება,  რაც უზრუნველყო გამგეობამ; მოწესრიგდა, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა. ახლა მოსახლეობას საშუალება აქვს, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მიმდინარე წლის მონაცემებით, ვაკეში, შიდა ქუჩებსა და ეზოებში შესრულებული და მიმდინარე ასფალტის სარემონტო სამუშაოები მოიცავს 21 მისამართს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში კი ამ დროისთვის შესრულებულია 140, ხოლო მიმდინარეობს 30-მდე ორმოულის ამოვსება.