შესაბამისი სტრუქტურები უფრო მძაფრად უნდა მოეკიდონ ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამოძიებას

შესაბამისი სტრუქტურები უფრო მძაფრად უნდა მოეკიდონ ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამოძიებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შესაბამისი სტრუქტურები უფრო მძაფრად უნდა მოეკიდონ ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამოძიებას.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლების რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი.

”ამაზე ორი აზრი არ უნდა იყოს და არც იქნება, რომ ძალიან მკაცრი, მძაფრი იქნება ჩვენი რეაქცია. დაიღუპა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია. მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს უნდა გაიწელოს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლების რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად დამაკმაყოფილებელია უსაფრთხოების ის ზომები, რაც ადგილზეა, თედო ჯაფარიძის თქმით, ეს არის კითხვა, რომელზეც მისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

”მე მგონია, რომ ყველაფერი არსებული ფორმატის საზღვრებშია, უსაფრთხოების ზომებიც აგრეთვე, მაგრამ ადგილი აქვს გარკვეულ მოვლენებს, მათ შორის, ასეთ ტრაგიკულ შემთხვევას, ამიტომ იმ ზომებს, რომელიც დღეს არსებობს, მერწმუნეთ, რომ ხელისუფლება გადახედავს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, თედო ჯაფარიძე უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.

”მე ვხედავ საჭიროებას იმისას, რომ ის სტრუქტურები, ძალოვნები იქნებიან თუ სამართალდამცველები, უფრო მძაფრად უნდა მოეკიდონ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოძიებას”, - განაცხადა ჯაფარიძემ.