თავისუფალი დემოკრატების აქციას ნაცმოძრაობა შეუერთდა

თავისუფალი დემოკრატების აქციას ნაცმოძრაობა შეუერთდა

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი და ელენე ხოშტარია მივიდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს სოლიდარობას უცხადებენ.

სერგო რატიანის თქმით, „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრები არიან.

„ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრები. ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას და ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათის, რომ დავიხსნათ ეს ადამიანები ციხიდან. ამისთვის აუცილებელია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოვაშოროთ და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.