”თავისუფალი დემოკრატები” ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთადერთი ინსტიტუცია, ერთადერთი ლეგიტიმაციის მატარებელი ინსტიტუტი არის პრეზიდენტის ინსტიტუტი. დღეს პროკურატურასთან ვაპროტესტებთ უსამართლობას, მაგრამ სამართალს ვეძებთ პრეზიდენტის ინსტიტუტში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, დაიწყება ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის სახელზე და აღნიშნული ხელმოწერებით ”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებას მოითხოვენ.
ალასანია პრეზიდენტს მიმართავს, რომ დაკავებულებისთვის ყველა დღე, ყველა წუთი და წამი უდიდესი ტრაგედიაა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ამ ყველაფერს აკვირდება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მიიღებს გადაწყვეტილებას და უდანაშაულო ბიჭებს გაათავისუფლებს.
ალასანიას თქმით, ამისთვის საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობამ უნდა დაანახოს, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი საქართველო ფეხზეა.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დამნაშავედ 14 მაისს ცნეს. მათ 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.