საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” დატოვა. შესაბამისი განცხადება მეჭიაურმა პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ”ამ წუთიდან ტოვებს პარტიას, მაგრამ რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში”, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ.
”მე ვუთხარი, რომ კომიტეტსაც დავტოვებდი, თუმცა ფრაქციიდან არ ჰქონდა ამას მხარდაჭერა. მთხოვეს, რომ დავრჩენილიყავი - ვრჩები პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მხარს დავუჭერ უმრავლესობას ძირითად საკითხებში, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხეთქილების მიზეზი გახდა”, - განაცხადა მეჭიაურმა და ამ კონტექსტში საგარეო ორიენტაცია დაასახელა.
ამასთან, მეჭიაურის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელიც მის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა.
”იყო ასეთი მოწოდება - მიუხედავად იმისა, როგორ გაიყრება ჩვენი გზები, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ქვეყნის სამსახურში უნდა დავრჩეთ”, - აღნიშნა მეჭიაურმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დეპუტატმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იმოქმედებს, თუმცა კონკრეტულ გეგმებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.