ირაკლი ალასანია:   ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს შესაწყალებელი არაფერი აქვთ

ირაკლი ალასანია: ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს შესაწყალებელი არაფერი აქვთ

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს შესაწყალებელი არაფერი აქვთ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს.

ალასანიას თქმით, დაგეგმილია აქციების ჯაჭვი, რომელიც საბოლოოდ 8 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ დამარცხებით დასრულდება.

„დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის, მხარდაჭერის აქცია 5 უდანაშაულო ადამიანისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. მათ ჩვენგან სჭირდებათ გამხნევება, სჭირდებათ იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან, ეს ადამიანები უდანაშაულოდ იყვნენ ციხეში. ვაპირებ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას მივმართო და ვისაუბრო, თუ რამ მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, რომ ვაპროტესტებთ უსამართლობას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ვერ წარმოედგინა, რომ 2012 წლის ცვლილებების შემდეგ კვლავ უსამართლობაზე მოუწევდა საუბარი.

„დღეს ვისაუბრებ ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ვაპირებთ ბრძოლას, რომ ეს ხალხი დავიხსნათ ტყვეობიდან. მათი შეწყალება სწორი კითხვა არ არის. მათ შესაწყალებელი არაფერი აქვთ. ისინი უდანაშაულოები არიან. ეს ხალხი ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ“, - აღნიშნა ალასანიამ.

ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.