"ივანიშვილი სულ ამტკიცებდა, ზოგიერთმა ლიდერმა საბედისწერო შეცდომები დაუშვა და მათ დღესაც არ შეუცვლიათ ის კურსი, ამიტომ მე არ შემიძლია მათთან ერთად მოქმედებაო. დღეს რომ შეცვლილი ჰქონდეთ ეს კურსი, კიდევ შესაძლებელია, რაღაც გზები მოინახოს. მათი შეთანხმება, ალბათ ვერ მოხდება, თუმცა მე მაინც ვიმედოვნებ, რომ პირველ რიგში ეს საქმე უნდა მოგვარდეს - ეს ჩემი სუბიექტური აზრია: ერთმანეთის აუგის თქმა შეწყვიტონ", - აცხადებს "ქართული აკადემიის" წევრი თემურ ნანეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თემურ ნანეიშვილი: ოპოზიციამ ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს!
"აუგს არ უნდა წერდნენ პრესაში და არ უნდა უნდა განსჯიდნენ ერთმანეთის საქციელს შემდეგ ყველაფერი აუცილებლად მოგვარდება. როდესაც სიტუაცია გამწვავდება, საპარლამენტი არჩევნებს მივუახლოვდებით, ურთიერთობის რაღაც ფორმაც გამოინახება. სამიზნე უნდა ჰქონდეთ ერთი. ეს სამიზნე არის ეს ჯალათი ხელისუფლება. ვფიქრობ, იმ განცხადებებით, რომლებიც პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება, დაახლოების პროცესი უფრო შორდება. ამიტომ, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ და უნდა ეძებონ ერთმანეთთან დაახლოების გზები და არა ის, რომ პირველივე უარის შემთხვევაში ერთმანეთს ცილი დასწამონ. ახლა პარტიებს ვერ დავასახელებ, პირველ დღესვე ივანიშვილმა რომ არ დაუძახა, მეორე დღესვე ფეისბუქი და საინფორმაციო საშუალებები ივანიშვილის გინებით აიკლეს. დაუძახა მერე იმათაც...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ნანეიშვილი.
"ძირითადი, რაც კრიტერიუმად ივანიშვილმა აიღო, ეს არის საგარეო ორიენტაცია - ივანიშვილს ძალიან კარგად ესმოდა, რომ ერთადერთი იარაღი, მე ვიტყოდი ავანტიურისტული იარაღი, რაც ამ ხელისუფლებას აქვს, ეს არის ის, რომ აი, რუსეთში ნაშოვნი ფულია, რუსეთის აგენტი და ა.შ. ზოგიერთი ვითომ ოპოზიციონერი დღესაც ეძახის ივანიშვილს, რუსეთი პროექტიაო. ეს ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ ადგა და უპირატესობა მკვეთრად გამოხატულ დასავლური ორიენტაციის ძალებს მისცა. აწონ-დაწონა რომელი იყო უფრო რეიტინგული, რა პლუს-მინუსები აქვთ და ვინ გამოდგება ამ შემთხვევაში მის პარტნიორად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დღესაც ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთუმეა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ივანიშვილს თავად რომ აეღო ორიენტაცია ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც უფრო პრორუსულად აღიქმებიან, მაშინ რა მოხდებოდა?", - განმარტავს რესპონდენტი.
"ივანიშვილის მხრიდან პარტნიორების შერჩევა სწორი გათვლა იყო. ახლა ოპოზიციური ძალები უნდა დაწყნარდნენ, მგონია და ყველაფერი შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ თუ ერთ სამიზნეს აირჩევენ - ეს არის ხელისუფლება და მისი სატელიტი პარტიები, მაშინ, ალბათ მოიძებნება თანამშრომლობის რაღაც გზები... თქვენ როგორ გგონიათ, რომელიმე პარტია ბიძინა ივანიშვილზე საყვედურებს თუ იტყვის, ამით ივანიშვილი პოზიციებს შეიცვლის და იმ პარტიებს გვერდით დაიყენებს? ივანიშვილს აქვს პრინციპები. კოალიციის გარეთ მყოფმა პარტიებმა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება უნდა შეიცვალონ. იმათ თავი უნდა დაანებონ "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების გინებას. ასე გამოდის, თითქოს ივანიშვილს არ ეხებიან და ამბობენ, შენ კი ხარ კარგი, მაგრამ შენი თანაგუნდელები, მაგალითად, რესპუბლიკელები და ალასანია არ ვარგანანო. მე რომ მითხრა, კარგი კაცი ხარ, მაგრამ ოჯახის წევრები და მეგობრები არ გივარგაო, ე.ი. არც მე ვყოფილვარ კარგი კაცი", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ნანეიშვილი და შეკითხვას - "თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა ბევრს აფიქრებს რესპუბლიკელების პოზიცია აფხაზეთთან მიმართებით", - პასუხობს:
"რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გარკვევით თქვა: "როდესაც მოედანზე შემოდის მესი, ფეხბურთელები მოედანზე სხვაგვარად ლაგდებიანო" - ამით მან თქვა, რომ ივანიშვილი არის უპირობო ლიდერი და ის არის ავტორიტეტი, რომელსაც ექვემდებარებიან. ადრეც იყო გაერთიანებები, მაგრამ ლიდერი ჰყავდათ ფორმალურად -ამბობდნენ, ლიდერი ის არისო, მაგრამ თუ ის ლიდერი ისე არ გააკეთებდა, როგორც სხვებს სურდათ, მაშინ იწყებოდა მისი კრიტიკა. ახლა პირიქით, ასეთი სიტუაციაა: რასაც ივანიშვილი იტყვის, ის კეთდება და ეს სწორია. ასეთ პირობებში ასეთი ლიდერია საჭირო - მტკიცე, ძლიერი, მაგარი და მოაზროვნე კაცი. ისე, აზროვნება არც სხვას აკლდა, მაგრამ არ ჰქონდა ისეთი ავტორიტეტი, რომ დაექვემდებარებინა ეს პარტიები. ივანიშვილს აქვს ეს ძალა და გავლენა. მე თუ მკითხავთ, დამსახურებულადაც აქვს".