”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში ”ნაციონალური მოძრაობა” მის დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტიის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნული კანონპროექტის მიღებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და განსხვავებით სხვა ფრაქციებისგან, მათ ხელისუფლებას პროცედურული ომიც გაუმართეს.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს კანონი ინსტიტუციურად ანგრევს საკონსტიტუციო სასამართლოს.
”ამ კანონით ”ქართული ოცნება” ცდილობს თავის თავზე მოირგოს საკონსტიტუციო სასამართლო, ცდილობენ რომ სასამართლო გახდეს არაქმედუნარიანი, ამიტომ ჩვენი პოზიცია ბუნებრივია. ”ქართულმა ოცნებამ” ტრადიციულად მოატყუა ამომრჩევლებიც და უცხოელებიც, ევროსაბჭოს მომხსენებლებს მათ უთხრეს, რომ ”ქართული ოცნება” ამ კანონს არ მიიღებდა, ვიდრე ვენეციის კომისიაში არ გადაიგზავნებოდა. ხელისუფლებამ ასევე მოატყუა ამომრჩეველი, როცა კანონი ამ შინაარსით მიიღო. უნდა გვესმოდეს რას აკეთებს ”ქართული ოცნება” - მათ ეშინიათ, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს მათთვის მიუღებელ კანდიდატურას, წინასწარ ბლოკავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ანუ ბესელიას მიზანია, რომ თუ პრეზიდენტი არ წარმოადგენს მათთვის სასურველ კანდიდატურას, საკონსტიტუციო სასამართლო ქმედითუნარიანი არ იყოს”, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
აღსანიშნავია, რომ ”რესპუბლიკური პარტია” ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, მის დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ”რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებები გამიზნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების ვერ მიღებისთვის და მას მხარს ვერ დაუჭერენ.