ისინი, ვინც ცხრა წლის განმავლობაში ქართველ ხალხს სულს ხდიდნენ, აქციაზე ჩვენს გვერდით არ უნდა იყვნენ

ისინი, ვინც ცხრა წლის განმავლობაში ქართველ ხალხს სულს ხდიდნენ, აქციაზე ჩვენს გვერდით არ უნდა იყვნენ

ვისაც აქვს მორალური უფლება დღეს ხალხის გვერდზე იყოს, ის მობრძანდეს და შემოგვიერთდეს, ხოლო ისინი, ვინც 9 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს სულს ხდიდნენ, აქ ამ საზოგადოების გვერდით არ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა გია ცაგარეიშვილმა ”ინტერპრესნიუს” განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ვის ელოდებიან პროკურატურასთან დღეს დაგეგმილ აქციაზე, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების მხარდასაჭერად გაიმართება.

გია ცაგარეიშვილის თქმით, პარტიის წევრები დღევანდელ აქციაზე პროკურატურის წინ არა მხოლოდ ”თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც ელოდებიან.

”დღევანდელ აქციაზე ჩვენ არავინ კონკრეტულად არ დაგვიპატიჟებია. შევეცადეთ, რომ იყოს საზოგადოების თავშეყრა. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, თუმცა ვფიქრობთ, რომ აქ არა მხოლოდ ”თავისუფალი დემოკრატები” და ჩვენი მხარდამჭერები უნდა იყვნენ. თუმცა არის ერთი დათქმა - ის პირები, ვინც 9 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს სულს ხდიდნენ, აქ, ამ საზოგადოების გვერდით არ უნდა იყვნენ. ვისაც აქვს მორალური უფლება დღეს ხალხის გვერდზე იყოს, ის მობრძანდეს და შემოგვიერთდეს. ვისაც არ აქვს ამის უფლება ხალხის გვერდზე იდგეს, იმ ხალხის გვერდზე, ვისაც დასდევდა მოსაკლავად წლების განმავლობაში, იმედია ისინი წაიკითხავენ, მოისმენენ და თავს შეიკავებენ აქ მობრძანებისგან. გამგები გაიგებს”, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხუთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი პატიმრობის განაჩენი ”თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგს ცვლის.

მისივე განმარტებით, პირველი აქცია დღეს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება და მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება.