უცხოური მედიის ცნობით, Airbus A320-ის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა

უცხოური მედიის ცნობით, Airbus A320-ის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა

Airbus A320-ის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა. “ბი-ბი-სი”-ს ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Aviation Herald-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დეტექტორი ჯერ ერთ-ერთ საპირფარეშოში, შემდეგ კი რადიოელექტრონულ განყოფილებაში ამოქმედდა, რის შემდეგაც თვითფრინავის ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. 

Aviation Security International Magazine-ის რედაქტორის ფილიპ ბაუმის განმარტებით, თვითმფრინავის კატასტროფა შესაძლოა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

„შესაძლოა, ავიალაინერის გატაცების მცდელობა არ ყოფილა და არც მფრინავის კაბინაში მომხდარა შეკამათება და თვითმფრინავი ხანძრის გამო ჩამოვარდა. ჩვენ ჯერ არ ვიცით მოკლე ჩართვამ გამოიწვია ხანძარი თუ ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ“, - ამბობს ფილიპ ბაუმი.

ამ დრომდე საბერძნეთის ოფიციალური პირები განმარტავდნენ, რომ Airbus A320-მა ჰაერში ორი მანევრი შეასრულა, რის შემდეგაც დაშვება დაიწყო და ზღვაში ჩავარდა. 

EgyptAir-ის ავიალაინერი რეისს პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა. ის რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე გაქრა. სამაშველო სამსახურებმა გუშინ ხმელთაშუა ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრების პირადი ნივთები აღმოაჩინეს. 
.